შაბათი, იანვარი 24, 2026

მეუფე შიო: ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა!

ეს დღე, როგორც ზეიმი დიდი მარხვის პირველი კვირის დასასრულს, დაწესდა ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხების აღსანიშად, მაგრამ ამ ზეიმში იგულისხმება ზოგადად ყველა მწვალებლობის, ერესის დამარცხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

სწორედ ამასთან დაკავშირებით არის შერჩეული დღეს წაკითხული სახარების ის მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის გალილეაში, ნახავს ფილიპეს და ეტყვის, რომ გაჰყვეს მას. შემდეგ ფილიპე მიდის ნათანაელთან.

ფილიპეცა და ნათანაელიც იყვნენ ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქეები, ისინი გენისარეთიდან იყვნენ. ფილიპე იპოვის ნათანაელს და ეტყვის: „ჩვენ ვნახეთ ის, ვის შესახებაც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები – იესო იოსების ძე, იესო ნაზარეველი“.

ნათანაელი მიდის უფალ იესო ქრისტესთან. უფალი დაინახავს მისკენ მიმავალ ნათანაელს და ამბობს იმ სიტყვებს, რომელთა გამოც გამოირჩა სახარების ეს მონაკვეთი მათ მიერ, ვინც შეადგინა ჩვენი დღევანდელი ღვთისმსახურება. ნათანაელის დანახვაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ მისთვის უცხო არს ზაკვა“. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. დავუფიქრდეთ ამ სიტყვებს.

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ ისრაიტელში უფალი იესო ქრისტე არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ნათანაელი ეროვნებით ებრაელი იყო, არამედ აქ იგულისხმება უფრო სულიერი თვისება ჭეშმარიტი ისრაიტელისა, როგორც კუთვნილება საღმრთო, რჩეული ერისა.

აი, მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ წმინდა წერილისთვის დამახასიათებელია ადამიანების სახელდება არა ხორციელი წარმოშობის, არამედ მათი სათნოებების მიხედვით.

აქაც უფალი ნათანაელს ჭეშმარიტ ისრაიტელს უწოდებს არა იმიტომ, რომ იგი ხორციელად აბრაამის შთამომავალი იყო, – გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ქვებისგანაც შეიძლება აბრაამის ძენი აღადგინოს ღმერთმაო, – არამედ, ვიმეორებ, აქ იგულისხმება მისი სულიერი თვისებები – ნათანაელი არის წრფელი, წმინდა, მასში არ არის ზაკვა. ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელის თვისება.

დღეს ვინ არიან ჭეშმარიტი ისრაიტელები? ვინ არის დღევანდელი რჩეული ერის წარმომადგენელი, გარდა ებრაელებისა?

ჭეშმარიტი ისრაიტელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც არის ჭეშმარიტი სარწმუნოების წევრი, მორწმუნენი, მონათლულნი და ეკლესიის წევრნი.

ამდენად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამიტომ შეირჩა დღევანდელი მსახურებისთვის სახარების ეს მონაკვეთი წმინდა მამების მიერ.

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი.

მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა!

რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში?

ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა.

სახარებიდან კარგად გახსოვთ, როგორ ლმობიერად ეპყრობოდა უფალი იესო ქრისტე დიდ ცოდვილებს, როგორ ეალერსებოდა, როგორ სწყალობდა, როგორ ცდილობდა მათ გამოსწორებას ყოველთვის, მაგრამ ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად წარმოაჩენდნენ თავს და ეგონათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვაგვარად მიმართავდა. გარეგნულად ისინი, მართლაც, სანიმუშონი იყვნენ – მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ტაძარსაც და სამღვდელოებასაც ინახავდნენ, წმინდა წერილსაც სწავლობდნენ, გარეგნული თვალსაზრისით, ყველაფრით სანიმუშონი იყვნენ, მაგრამ მათ ასე მიმართავდა უფალი: „ნაშობნო, იქედნეთანო“.

რას ნიშნავს „იქედნეთა ნაშობნი“? ეს გველის ნაშობს ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ მათში იყო ზაკვა და სიყალბე.

უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში.

რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო.

ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი?

ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და თუ ასე ვიცხოვრებთ, ასეთი მიზანი გვექნება ცხოვრებაში, არ გვექნება ზაკვა, არ იქნება ყალბი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან, სწორედ მაშინ შეგვეძლება გავხდეთ მართლაც ჭეშმარიტი ისრაიტელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტული აღიარების სიგელები გადაეცა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, უწმინდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და, მისი სახით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულ იქნა ჩვენი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, როგორც უძველესი დროიდან არსებული.

ეს არის უდიდესი მოვლენა. გილოცავთ ამ დღეს!

როგორც ვთქვი, ეს მოხდა მართლმადიდებლობის ზეიმზე. დღეს ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ უწმინდეს დიმიტრიოსს და, რა თქმა უნდა, მადლობას ვწირავთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რადგან აი, ამ დიდ მოვლენას წინ უძღოდა მისი ძალიან დიდი და მრავალწლიანი შრომა, დაუღალავი მუშაობა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. თავისთავად ეს მოვლენა უდიდესია და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამას გარდა, ამ დოკუმენტში სწორედ მისი უწმინდესობის მეცადინეობითა და დიდი ღვაწლის შედეგად ჩაიწერა უმთავრესი, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.

ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში არსებობდა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მოენიჭებინათ ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასწორი იყო, რადგან ჩვენ ავტოკეფალია ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან გვქონდა მონიჭებული.

და აი, კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მიაღწია იმას, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო არა „მონიჭება“, არამედ მოხდა აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული საეკლესიო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა.

ასე რომ, დღეს ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ ძვირფას უწმინდესს ასეთი დიდი ღვაწლისთვის. მისი უდიდესი ავტორიტეტის, მისი საოცარი სიბრძნისა და დიდი სულიერების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად არ მოხდებოდა ან შეიძლება, საერთოდ არ მომხდარიყო, ან ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის უახლესი ისტორია.

ასე რომ, ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე და ჩვენი ერი, რომელიც ოდითგანვე, მუდამ იყო ერთგული მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა.

სხვათა შორის, დღეს ასევე იმიტომ იკითხება სახარების ეს მონაკვეთი, რომ ნათანაელი ბოლოს ასეთი სიტყვებით მიმართავს უფალს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა“ – აი, ასეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს იგი, გარდა იმისა, რომ უზაკველი და წმინდაა ზნეობრივად, სულიერად.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქიც და ჩვენი ერიც ყოველთვის იყვნენ ერთგული ამ დიდი სიწმინდისა. უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენი ერი მრავალჟამიერ ყოფილიყოს ერთგული მართლმადიდებელი ეკლესიისა! ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი: ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით – ერთ სივრცეში რამდენიმე ალტერნატიული გზის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი...

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ზანგეზურის დერეფანზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და რადიკალური ოპოზიციის პოზიციებზე საუბრობს.ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება - ვგულისხმობ უახლოეს რამდენიმე წელიწადში გამორიცხულია, თუნდაც იქ არსებული რთული რელიეფის გამო. შესაბამისად, ეს დერეფანი ახლო პერსპექტივაში ვერ იქნება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზის კონკურენტი, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა რეგიონში რამდენიმე ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესებას, შესაბამისად მოხდება მეტი ტვირთების მოზიდვა და საქართველოსთვისაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.„უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველას ინტერესში შედიოდა, ხოლო სომხურმა საზოგადოებამ იქ ჩატარებულ არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჰქონდა.მართალია, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი - დაწყებული საზღვრების დელიმიტაციით, გაგრძელებული ყარაბაღში მოსახლეობის დაბრუნების საკითხით და სხვა მრავალი პრობლემით - მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ნაწილში აღდგა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და დამყარდა მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც - არა ომით, არამედ მშვიდობით - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.რაც შეეხება ზანგეზურს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებას — რომ დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთები საქართველოს გავლით გადაადგილდება, თუმცა დადგება დღე, როდესაც ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში შევა. როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია და მათ საერთო საზღვარი აქვთ, სრულიად ბუნებრივია, რომ ტვირთი პირდაპირი გზით შევიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში და არა მესამე ქვეყნის გავლით. შესაძლოა, საქართველომ ამით მცირე შემოსავალი დაკარგოს, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, არც ეკონომიკურად არის დიდი მოცულობა და მეორე, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, ამას მოითხოვს გეოგრაფია და ელემენტარული საღი აზრი.რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, რომელიც, პირველ რიგში, ცენტრალურ აზერბაიჯანის თავისსავე ნაწილთან - ნახიჩევანის ავტონომიასთან დააკავშირებს - ეს არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, ამ გზაზე ტვირთების მოძრაობა სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია. მეორე - ზანგეზურის დერეფნის გაგრძელება ნახიჩევანიდან თურქეთამდე და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნა, რასაც დღეს „ტრამპის დერეფანს“ უწოდებენ (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ტვირთების ნაწილის დაკარგვას? მე პირიქით, აქ პერსპექტივას უფრო ვხედავ: კავკასია პატარა რეგიონია და ის უნდა აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური სივრცე, რის საშუალებასაც დღემდე ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტი არ იძლეოდა. როდესაც აქ იქნება კარგად დაცული დერეფანი, რომლის მიმართაც არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მისი ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას ამ დერეფნის ყველა განშტოებაზე, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება.საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის მორიგ მავნებლურ ნარატივს ამხელს. როდესაც აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მომავალში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ რუსეთიდან სომხეთისკენ ან თურქეთისკენ მიმავალმა ტვირთებიც შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით გაიაროს, აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ქვეშეთი-კობის ახალი გზის და რეგიონში უდიდესი გვირაბის წინააღმდეგ, რომელმაც გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლის უნდა დააკავშიროს ისტორიული ხევი, ანუ სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დანარჩენ საქართველოს.მე პირადად ვარ ამ იდეის იდეის ავტორი: 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო ამ იდეის ჯერ განხილვა, შემდეგ პროექტის დამუშავება და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ გვირაბი დამთავრებულია და მომავალ წელს ეს გზაც უნდა გაიხსნას.რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?ჯერ ერთი, ყოველწლიურად, ზამთრის განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2-3 თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ამავე დროით, ბუნებრივია, შეწყვეტილია ტრანზიტული მოძრაობა, ხალხი წვალობს, ტვირთები არ მოძრაობს. არადა, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც სომხეთს, თურქეთს და სამხრეთის სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს. ბუნებრივია, არავის მოსწონს დერეფანი, რომელიც ყოველწლიურად 2-3 თვით დაკეტილია. შესაბამისად, რადგან ჩნდება ალტერნატივა სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტის სახით, ბუნებრივია, რომ მომავალში მთელი ტვირთბრუნვა იქით გადაინაცვლებდა.არადა, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დარიალის გზა არის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო მაგისტრალი როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისა თუ სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანის ტრანზიტი ვერაფრით ჩაანაცვლებს. ქვეშეთი-კობის გვირაბისა და გზის დამთავრების შემდეგ სტეფანწმინდა-დარიალისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მოკლდება, ფართოვდება და, რაც მთავარია, წლის ნებისმიერ დროს იქნება უსაფრთხო და ფუნქციური. სწორედ ეს არ მოსწონს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომ ებრძოდნენ ამ გზის მშენებლობას, მიზეზად კი იმას აცხადებდნენ, თითქოს ამ გვირაბით რუსული ტანკები თბილისში უფრო ადვილად შემოვლენო. ლაპარაკია იმ ტანკებზე, რომლებიც, მათი მოღალატური პოლიტიკის გამო, თბილისიდან 30 კილომეტრში, ახალგორში არიან განლაგებული და არაფერში სჭირდებათ დარიალიდან შემოჭრა,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალგაზრდა მოცურავის  ცხედარი, რომელიც 5 თვის წინ, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა იპოვეს

რუსი მოცურავის ცხედარი, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ბოსფორის სრუტეში, კონტინენტთაშორისი ცურვის დროს გაუჩინარდა, იპოვეს.მამაკაცის ცხედარი ბეშიქთაშის რაიონში იპოვეს. ის ბოსფორის სრუტეში, ცურვის ფინიშის ხაზთან ახლოს აღმოაჩინეს.მედიის ცნობით, ყველა იურიდიული პროცესების დასრულების შემდეგ, ოჯახი ცხედრის სამშობლოსი გადასვენებას შეძლებს.სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დნმ-ის ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბოსფორში ნაპოვნი ცხედარი ნიკოლაი სვეჩნიკოვს ეკუთვნის.29 წლის სპორტსმენმა, ნიკოლაი სვეჩნიკოვმა, 24 აგვისტოს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე ცურვაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მამაკაცი ფინიშთან არ მისულა. მისი გაუჩინარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შენიშნეს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებს უმკაცრებს.როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების ფონზე ზრდის ზეწოლას „ჩრდილოვან ფლოტზე“.„დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევებისა და ინტერნეტის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაფარონ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ირანის რეჟიმის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლას ზრდის. OFAC-ის სამიზნეა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემი და მათი მფლობელები, მმართველი ფირმები, რომლებსაც უცხოურ ბაზრებზე კოლექტიურად გადააქვთ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. 

სალომე სამადაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე – არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე მათ მიერ მოგონილ რაღაც მორიგ ხრიკს

დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს.„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ, რაღაც მორიგ ხრიკს იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არის უკიდურეს იზოლაციაში და წინ ელოდება საერთაშორისო წნეხის მხოლოდ და მხოლოდ დამძიმება, დღეს აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ მოძებნოს რაღაც ხრიკი, რომლითაც შეეცდება, რომ შექმნას რაღაც ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ჩვენი ქვეყნის რაიმე ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს, ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე და მეტიც, მათ შეწყვიტეს სიარული ყველანაირ ტელევიზიაში. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც რამე სისულელეს წამოროშავს კობახიძე, ჩვენ წამოვეგოთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა იმის ფონზე, რომ ოპოზიციური რვიანისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა წარმოუდგენელია, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, თუ რა ნულოვანი შედეგი აქვს არჩევნების ბოიკოტს.„ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული.მე არ ვიცი, სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიქტორ ორბანი – ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს

ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს, ხოლო უკრაინა ერთადერთ გზად ხედავს, რომ უნგრეთის სახით წინაღობა მოიშოროს, უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის არსებობით.„უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რადგან მათ ფუნდამენტურ ინტერესებშია უნგრეთში მთავრობის შეცვლა. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბოლო სიახლეები