კვირა, მარტი 29, 2026

მეუფე შიო: უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება

,,უფალი გვასწავლის, რომ… მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება… ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს… უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს…სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ… უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული…”- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ყოველთვის იკითხება ზაქე მეზვერის შესახებ ეპიზოდი სახარებიდან, რომელიც დღეს წაკითხული იყო ჩვენს ტაძარში.

ამ ადამიანს წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს, როგორც ღმერთისკენ სწრაფვის მაგალითს და გვასწავლის, რომ აი, როგორც ზაქე მიისწრაფოდა მაცხოვრის დანახვისკენ, მასთან შეხვედრისკენ, ასევე ჩვენც უნდა ვისწრაფოდეთ უფალთან შეხვედრისა და მისი დანახვისკენ.

წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქ იერიქონში, სადაც იყო ეს ადამიანი, სახელად ზაქე, მდიდარი, მებაჟეთა უფროსი (,,მებაჟე” ნიშნავს გადასახადების ამკრეფს). რომის იმპერიაში ისე იყო დაწესებული, ისეთი კანონები იყო, რომ ეს მებაჟეები ყველანი მდიდრები იყვნენ ამ კანონმდებლობის გამო, ვინაიდან, როდესაც გადამხდელი ვერ იხდიდა თანხას, მაშინ მებაჟეს უნდა გადაეხადა მის ნაცვლად, მაგრამ შემდეგ უფლება ჰქონდა, ამ გადამხდელისთვის ოთხმაგი თანხა გამოერთმია. თუ ამ ფულსაც ვერ იხდიდა ადამიანი, ამ ოთხჯერ მეტს, შემდეგ მას აპატიმრებდნენ, სანამ არ გადაიხდიდა, ჰყავდათ ციხეში, ან კიდევ მონად ყიდდნენ. ამიტომ ეს მებაჟეები ძალიან მალე მდიდრდებოდნენ.

და აი, ამ ზაქემ ძალიან მოინდომა იესო ქრისტეს ხილვა, დანახვა მისი, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ხალხმრავლობის გამო, ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი: მას იმდენად უნდოდა მაცხოვრის დანახვა, რომ ყველა თანამოქალაქის თვალწინ, როგორც პატარა ბიჭი, ისე ავიდა ხეზე, დაძლია თავისი პატივმოყვარეობა, იგი აღარ დაეძებდა იმას, რომ შეიძლება ამის გამო დაეცინათ მისთვის, ოღონდაც ქრისტე დაენახა. რა თქმა უნდა, ამ საქციელმა და მისმა ასეთმა სურვილმა მიიპყრო მაცხოვრის ყურადღება. უფალი შეჩერდა, მოუხმო მას თავისთან და შემდეგ, მიუხედავად ამ ხალხის რისხვისა (იმიტომ, რომ მეზვერეები ძალიან არ უყვარდა ხალხს იმის გამო, რაც გითხარით), მის სახლშიც კი მივიდა.

და აი, ამ ზაქეზე იმდენად იმოქმედა მაცხოვრის სიყვარულმა, გულმოწყალებამ, რომ მის სულში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა იესო ქრისტეს: „მე აქამდე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ დღეიდან მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. ჯერ ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხმაგად ავუნაზღაურებ“ .

აი, ასე მოხდა ამ კაცის ფერისცვალება და ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ეტყვის: „დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს“. რა თქმა უნდა, უფალმა დაინახა, რომ ასეთი აზრი ზაქეს მხოლოდ სულიწმიდისგან შეიძლება მოსვლოდა, ანუ მხოლოდ ღმერთმა ჩააგონა მას, რომ შეიძლება ქონების ნახევარი დაარიგოს გლახაკებში, იმიტომ რომ მას მრავალი ადამიანის გაღარიბებაში მიუძღოდა ბრალი, ხოლო ვინმეს თუ აწყენინა, ოთხმაგად აუნაზღაუროს. ეს რატომ? – იმიტომ, რომ ამათ, ე.ი. ვისაც აწყენინა, არც კი ახსოვდეთ შემდგომში, რომ ვიღაცა მებაჟემ ისინი გაყვლიფა. თუმცაღა, გაყვლიფა იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით; ანუ ამ უსინდისობას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება.

ზაქეს მაგალითზე მშვენივრად ჩანს, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს; მაგრამ ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ამისთვის ეს სინდისი უნდა ჰქონდეს. აი, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს. ზაქეში ამ სინდისმა გაიღვიძა და იგი გახდა ქრისტეს მოწაფე და ხსნა მოევლინა მის ოჯახს.

რატომ იყო შეტანილი ეს ამბავი სახარებაში? – იმიტომ, რომ დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ სახარებიდან – რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება. სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ჩვენ ამას რომ მივაღწიოთ, ამისთვის ზაქეს მსგავსად უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული.

აი, ზაქემ მოინდომა მარადიული ნეტარება და მიიღო კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც მიაღწია თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებენ სასუფეველს ღვთისას, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვლოცავთ მარტინენკოების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, მითხარით, უსაფრთხოების რა გარანტიები გვჭირდება ბირთვული ძალის დასაბალანსებლად?

ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებების საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია.„ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა. მაშინ მითხარით, რა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას ბირთვული ძალის დასაბალანსებლად? რომელი? არის ეს ნატო? არის ეს ბირთვული არმია? თუ ასეა, მაშინ ამაზე ასე უნდა ვისაუბროთ – ჩვენ გაძლევთ ნატო-ს და ბირთვულ იარაღს, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია“, – განაცხადა ზელენსკიმ Le Monde-სთან ინტერვიუში.მისივე თქმით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება.„იცით, რა არის შეურაცხმყოფელი ამ ყველაფერში? არავინ ესაუბრება რუსეთს ასე: „ცოტა უკან უნდა დაიხიო, კომპრომისზე წახვიდე, დანებდე. დაასრულე ეს ომი, რადგან ეს სიცოცხლეებს წირავს“. ასე არავინ საუბრობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ აშშ-ს ომის სწრაფი დასრულება ნამდვილად სურს, ეს არა უკრაინაზე ზეწოლით, არამედ რუსეთზე ზეწოლით მიიღწევა.

ვინ არის ქალი, რომელიც პატრიარქს მუხლებზე დაჩოქილი დაემშვიდობა

სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამომშვიდობების ამსახველი ბევრი ემოციური ფოტო გავრცელდა. მათ შორის იყო მოხუცი ქალბატონის ფოტო, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ემშვიდობება ილია მეორეს.ფოტოზე გამოსახული ქალბატონი სულიკო ღვინჯილია, ის 86 წლისა და როგორც „ამბები გე-ს“ უყვება, პატრიარქ ილია მეორე-ს პირადად იცნობდა და ხშირად ესწრებოდა წირვებს. ქალბატონი ეკლესიის მრევლია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შვილებსაც ამ სარწმუნოებით ზრდიდა.მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა — კოვიდის შედეგად ერთდროულად დაკარგა მეუღლე და 43 წლის ვაჟი.როგორც სულიკო ღვინჯილია ამბობს, ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, ამიტომ გარეთ, სამხედროებთან იდგა და როცა პატრიარქის ცხედარი გამოასვენეს, დაჩოქილი დაემშვიდობა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ 20 გემს დაუშვებს, ეს მისასალმებელია და დაფასებას იმსახურებს

ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარიმ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს.„ეს ირანის მხრიდან მისასალმებელი, კონსტრუქციული ჟესტია და დაფასებას იმსახურებს. ეს მშვიდობის მაუწყებელია, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს და მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებს. დიალოგი, დიპლომატია და მსგავსი ნდობის გამაძლიერებელი ზომები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის“, – წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

შალვა პაპუაშვილი – ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ბოლო 22 წელია, ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანია და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშან-თვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა“.„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილი ახალგაზრდა 28 წლის ირაკლი მელქაძეა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს. რა სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს,როგორი ტრაგედია დატრიალდა",- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.

ბოლო სიახლეები