ორშაბათი, მარტი 30, 2026

მეუფე შიო: ნუ შეგვეშინდება აი იმ ვიწრო გზის, რომელიც სულიწმინდის მოხვეჭას ესაჭიროება, იმ ღვაწლის, და იმ ვიწრო გზაზე სიარულის

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

 “როგორ მოვიპოვოთ მადლი სულისა წმინდისა, როცა ეს მთავარი მიზანია ჩვენი სულიერი ცხოვრების? ამაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს რომ ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელიც მიმყვანებელია აი ამ მაღალ მდგომარეობამდე, ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს რომ სულიწმინდის მადლი მოვიხვეჭოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა ვებრძოლოთ ჩვენში ცოდვას…

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ სულთმოფენობას, გილოცავთ ყოვლადწმინდა სამების დღეს.

დღეს ასევე გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის დაბადების დღესასწაული, ვინაიდან, სულიწმინდა ღმერთმა მოციქულებზე გარდამოსვლით დასაბამი დაუდო წმინდა ეკლესიას.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას.

ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით გვავსებს სულიწმინდა ღმერთისადმი რწმენა, იმიტომ რომ მის მოქმედებასთან ამ სამყაროში დაკავშირებულია ჩვენი ყველაზე დიდი და უაღმატებულესი მოლოდინები და სასოება. და ეს ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, თავად უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა რომ იგი დაითმენს ტანჯვას და სიკვდილს სულიწმინდის მოვლინების გამო. სწორედ ამას ნიშნავს მისი სიტყვები რომ: „უმჯობესია თქვენთვის რომ მე წავიდე. თუ მე არ წავალ, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ მე წავალ, მოგივლენთ მას“.

და აი, ამ დღეს შესრულდა დანაპირები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და აწ უკვე ამიერიდან მის მიერ ბოძებული კაცობრიობისთვის სულის გამოხსნა, როგორც ადამიანის თანაზიარება საღვთო ცხოვრებასთან, უფრო სწორედ, ადამიანის საღვთო ცხოვრებასთან ზიარების რეალური შესაძლებლობა, ხორციელდება სწორედ სულიწმინდის ძალით და მადლით.

და აი ამიტომ, მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრების, არის სულიწმინდის მოხვეჭა. წმინდა მამები ასეც ასწავლიდნენ, ისეთი დიდი მამები, როგორიც იყვნენ წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვები და სხვები, რომ, მიზანი სულიერი ცხოვრების არის ის რომ სათნო ვეყოთ ქრისტე ღმერთს, სულიწმინდის მოხვეჭის მეშვეობით, სულიწმინდის მოხვეჭით ვიყოთ სათნო მისთვის, ანუ სასურველი ქრისტესთვის. იმიტომ რომ, სულის გადარჩენა და სასუფეველი ღვთისა შეიძლება გამოვლინდეს და გაიხსნას ადამიანში მხოლოდ სულიწმინდის მადლით და ძალით.

ამაზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე რომ: „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა, და სიმართლესა მისსა“, და ასევე რომ „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“.

ასევე, სულიწმინდა არის ყოველივე სიკეთის წყარო და მომტანი ყოველივე სიკეთის. ვინაიდან, არა მხოლოდ თვითონ არის სიცოცხლე, სულიწმინდა, და სინათლე, არამედ, მომნიჭებელია ნათლისა, ე.ი. არა მხოლოდ საღვთო სინათლეა თვითონ, არამედ ნათლის მომნიჭებელიც არის. არამარტო სიცოცხლეა სულიწმინდა, არამედ ცხოველსმყოფელიც არის და ყოველი სიწმინდეც სულიწმინდისგან არის. როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ: „სასუფეველი ღვთისა ეს არის სიმართლე, მშვიდობა და სიწმინდე სულიწმინდაში“.

როგორც მოგახსენეთ, სულიწმინდამ დასაბამი დაუდო ქრისტეს ეკლესიას, იგი აღაშენებს ქრისტეს ეკლესიას, ამ ქრისტეს სხეულს, ამ სამეფოს, განწმენდილი ადამიანების სამეფოს, რომლებიც მოელიან მომავალ მარადიულ დიდებას, აი ამ დიდებისთვის არის შექმნილი ადამიანიც და სამყაროც.

როდესაც ხდება მოხვეჭა სულიწმინდის ადამიანის მიერ, მასში ყველაფერი იცვლება, მისი აზრებიც, მისი გრძნობებიც, მისი ყოველი მოძრაობა, ხდება სასწაულებრივად განწმენდილი და ამაღლებული, მაგრამ, როგორ მოვიპოვოთ მადლი სულისა წმინდისა, როცა ეს მთავარი მიზანია ჩვენი სულიერი ცხოვრების? ამაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს რომ ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელიც მიმყვანებელია აი ამ მაღალ მდგომარეობამდე, ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს რომ სულიწმინდის მადლი მოვიხვეჭოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა ვებრძოლოთ ჩვენში ცოდვას. და ეს ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, რომ, რომ არ იყოს ნუგეში ამ ცხოვრებაში, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა. მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ნუგეში, ვინაიდან ჩვენ გვყავს ნუგეშინისმცემელი სული ჭეშმარიტებისა, მოვლენილი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომელიც გვაძლევს ჩვენ აურაცხელ და შეუფასებელ საუნჯეებს და სიკეთეებს, რომელიც შეგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, იმ სასუფეველში, სადაც ყველაფერი ფერს იცვლის, და ხდება ახალი ცა და ახალი მიწა.

ასე რომ, ნუ შეგვეშინდება აი იმ ვიწრო გზის, რომელიც სულიწმინდის მოხვეჭას ესაჭიროება, იმ ღვაწლის, და იმ ვიწრო გზაზე სიარულის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ შესანიშნავ დღეს, და ყოფილიყოს მუდამ ჩვენს გულებში, ჩვენს გასამხნევებლად ის პირველი ლოცვა, ტროპარი, რომელიც წმინდა ეკლესიის მიერ იკითხება ყველა ღვთისმსახურების დასაწყისში: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და აცხოვნე სულნი ჩვენნი, ამინ!“

დღეს არის ასევე, კიდევ ერთი შესანიშნავი დღესასწაული, სამების საკათედრო ტაძრის, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და წირვა აღვასრულეთ, დღესასწაული.

ამასაც გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ტაძარი გამოირჩევა თავისი დიდებულებით, თავისი მშვენიერებით, და ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში ასეთი ტაძრის აშენება ისივე როგორც, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ მრავალი სხვა დიდებული საქმის აღსრულება, ნათელი დასტურია სულიწმინდის შეწევნის. და დღეს ჩვენ სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს და ვუსურვებთ მას დღეგრძელობას და სულიწმინდის შეწევნას.

სულიწმინდა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, და სრულიად საქართველოს თანა, ამინ!

დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: გოშაყმაშვილები და ცაავები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იერუსალიმი: აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე მლოცველთა რაოდენობა, შესაძლოა, 50-მდე შეიზღუდოს

გუშინ, 29 მარტს, ბზობის დღესასწაულზე, ისრაელის პოლიციამ კათოლიკე სასულიერო ლიდერებს იერუსალიმში, მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში (იგივე აღდგომის ტაძარი - რედ.) შესვლა აუკრძალა, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებას წარმოადგენს. აღნიშნული ნაბიჯი უკიდურეს შეშფოთებას იწვევს, რადგან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოახლოებული ცერემონიის წინ გაურკვევლობას ქმნის დაუსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს.გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კათოლიკეებს ბზობის ღვთისმსახურებაზე დასწრება აეკრძალათ, შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს მითითება, რომ იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქს აღდგომის ტაძარში რელიგიური მოვალეობების შესრულების უფლება მისცემოდა.წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ, თუმცა უკვე ცხადია, რომ დრაკონული შეზღუდვები დაწესდება. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, აღდგომის ტაძარი მაქსიმუმ 50 მლოცველისთვის გაიღება, თუმცა ეს მონაცემი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.უნდა აღინიშნოს, რომ მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარი არ არის ერთადერთი საკულტო ადგილი, რომელსაც მკაცრი ზომები შეეხო - რამდენიმე დღის წინ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმავე გამოწვევების ფარგლებში, მუსლიმი მლოცველებისთვის ალ-აქსას მეჩეთიც დაიკეტა.

ევროკომისიაში შეშფოთებას გამოთქვამენ ფინეთში უკრაინული დრონის ჩამოვარდნის გამო, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის

ევროკავშირი შეშფოთებულია ფინეთში უკრაინული დრონის ჩამოვარდნით, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა თომას რეინიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ ფინეთში უკრაინული დრონის ინციდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია.„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მოხდა და სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ დრონების შემოჭრით. ასეთ ინციდენტებზე რეაგირება, პირველ რიგში, წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თომას რეინიერმა.ამასთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ამ ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა.„დიპლომატიური თვალსაზრისით, ჩვენი გზავნილი ნათელია. მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავზე დრონები დაფრინავენ, მთავარი დამნაშავე რუსეთია. რუსეთის გარეშე ეს არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.ცნობისთვის, 29 მარტს რამდენიმე დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რადგან იმავე პერიოდში უკრაინა თავს დაესხა რუსეთის სამიზნეებს ლენინგრადის ოლქში, რომელიც ფინეთს ესაზღვრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო უკრაინამ ფინეთს ბოდიში მოუხადა.

გია ვოლსკი – საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო

ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისა და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, ტარიფებში ცვლილება მოახდინონ.„ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში არათუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, ტარიფებში ცვლილება მოახდინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი- 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.კერძოდ, თბილისში მცხოვრებს აბონენტებს, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო ტარიფები ასეთია:„თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი;101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი;301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრი.რეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი;101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი;31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, მის დამფუძნებელს, თანამშრომლებს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.დავით გაბაიძე უარყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება.„დიდი ხანია, ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.დავით გაბაიძე გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს. მისი თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებსაც ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.დავით გაბაიძე ბოლო არჩევნების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მესამედ იყო არჩეული.

ბოლო სიახლეები