კვირა, მაისი 11, 2025

მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც, ილია მეორის მეთაურობით, ჩვენი ეკლესია ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა

ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში დიდი მარხვის პირველ კვირას, ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

თქვენ იცით, რომ ეს დღე დაწესდა ხატების თაყვანისცემის დადგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დღეს არ აქვს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა, არამედ უდიდესი სულიერი, სარწმუნოებრივი, დოგმატური მნიშვნელობა, ყოველი ჩვენგანის სულიერ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობის მქონე დღე გახლავთ.

იმჟამად განიხილებოდა საკითხი – შეიძლება თუ არა ხატების თაყვანისცემა. წმინდა მამების წინაშე იდგა უმთავრესი კითხვა: შეიძლება თუ არა ღმერთის გამოხატვა ხატებზე, ღმერთისა, რომელიც უხილავი და მიუწვდომელია და, რა თქმა უნდა, არავის არასდროს უხილავს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი.

და აი, წმინდა მამებმა უპასუხეს ამ შეკითხვას, რომ ღმერთის გამოხატვა შეიძლება. რატომ? იმიტომ, რომ მოხდა განკაცება ღვთისა. ძე ღმერთის განკაცება მოხდა და განკაცებული ძე ღმერთის ერთ პიროვნებაში შეერთდა ორი ბუნება – საღვთო და ადამიანური. შეერთდა შეურევნელად და განუყოფლად და როდესაც ამ პიროვნებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამოვხატავთ ხატზე და თაყვანსა ვცემთ, ჩვენ ამ პიროვნებაში თაყვანს ვცემთ საღვთო ბუნებასაც და ადამიანურ ბუნებასაც. მაგრამ ხატზე არ გამოვსახავთ ღმერთის ბუნებას, ეს შეუძლებელია, მაგრამ ვინაიდან ერთ პიროვნებაში არის შეერთებული ორი ბუნება, ჩვენ თაყვანს ვცემთ ორივე ბუნებას. ასე ამბობს მართლმადიდებელი ეკლესია. მაგალითად, ღირსი იოანე დამასკელი წერს, რომ ჩვენ ქრისტეში ადამიანურ ბუნებასაც თაყვანს ვცემთ, ოღონდ არა უბრალოდ ლიტონ ადამიანურ ბუნებას, არამედ სწორედ საღვთო ბუნებასთან შეერთებულს.

ამრიგად, რატომ გახდა შესაძლებელი განკაცება ქრისტესი? იმიტომ, რომ ადამიანური ბუნება არის შექმნილი ღმერთის ხატად და მსგავსად. აი, ამას შეგვახსენებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, რომ ყოველი ჩვენგანი მატარებელია ღმერთის ხატებისა.

და რატომ არის ეს დიდი მარხვის პერიოდში? იმიტომ, რომ დიდი მარხვის ჟამს ჩვენ უმეტესად ვუკვირდებით ჩვენს ცოდვებს და მარხვას გარკვეული მწუხარებაც ახლავს ამის გამო. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ხედვა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისა – ეს არის სახიფათო სულიერი ცხოვრებისთვის, თუ არ ხედავს ადამიანი ამ მეორე ნათელ მხარეს, რაც არის მასში. ეს არის ხატება ღვთისა.

აი, ამას გვაფრთხილებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, თუ რა სიდიადეა ჩადებული ყოველ ადამიანში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საფუძველიც მარხვისა და ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. ასეთია რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა, რომელიც არავის, არცერთ ადამიანს არ აქვს, გარდა ქრისტიანისა, და არცერთ სარწმუნოებას არ აქვს, გარდა ქრისტიანულისა, რომ საფუძველი ჩვენი რწმენისა არის ჩვენი თანაზიარება ღმერთთან, ჩვენი სიდიადე.

დღეს, მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლში ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა, დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და, მისი სახით, საქართველოს ეკლესიას გადასცა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ორი სიგელი, რომლებშიც იყო აღიარება V საუკუნიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ასევე იყო აღიარება და ცნობა ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტულისა, როგორც კათოლიკოს-პატრიარქისა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელიც მოხდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ღვაწლით, შრომითა და ავტორიტეტით. მაშინ ხარობდა მთელი ერი, მთელი ეკლესია და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით ყოვლად უწმინდეს დიმიტრიოსს და ვიხსენიებთ მის ნეტარ სულს. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვები ბრძანა, რომ ეს მოვლენა გახლავთ საბოლოო აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, რომელსაც ამიერიდან ვერავინ ვეღარ ხელყოფს, ვერავინ ვეღარ უარყოფს და ვერ შეეხება.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. ინებოს უფალმა, რომ ასეც გაგრძელებულიყოს მრავალჟამიერ, უკუნისამდე, რამეთუ ეს გახლავთ მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი რუსეთსა და უკრაინას: ახლავე გამართეთ შეხვედრა!

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლის ღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„სულ მცირე, ისინი შეძლებენ იმის დადგენას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, და თუ არა, ევროპის ლიდერები და აშშ გაიგებენ, რა ხდება და შესაბამისად შეძლებენ მოქმედებას! ვეჭვობ, რომ უკრაინა დათანხმდება პუტინთან შეთანხმებას, რომელიც ზედმეტად არის დაკავებული მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომელსაც ვერ მოიგებდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ახლავე გამართეთ შეხვედრა!” - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იცით, შეიძლება თუ არა მაისის თვეში ქორწინება/ნიშნობა? – მამა შალვას განმარტება

ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა ქართულ კულტურაში, რომელსაც თან სდევს მრავალი წესი, ტრადიცია და თქმულება. საუკუნეების განმავლობაში ხალხში დამკვიდრებულა გარკვეული პერიოდები, რომლებიც ხელსაყრელად ითვლებოდა ქორწილისთვის, და ასევე თვეები, რომლების დროსაც ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობრივი თვეა მაისი. „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“ – საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ ამ თვეში ნიშნობა თუ ქორწილი, ბედნიერებას არ მოუტანს და შესაბამისად, მაისის თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას პოზიცია მოისმინა.„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება… რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს?!

ფრიდრიხ მერცი – უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“.ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.„გუშინ კიევში ჩვენ და პარტნიორები გამოვედით მოწოდებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა დაეთანხმა ამას უპირობოდ. თუ რუსეთი ახლა გამოთქვამს მზადყოფნას საუბრისთვის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არაა. ჩვენ ველოდებით, რომ მოსკოვი ახლა დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნამდვილ მოლაპარაკებებს შესაძლებელს გახდის. უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება“, – წერს ფრიდრიხ მერცი. 

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა."ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

ბოლო სიახლეები