ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024

მეუფე შიო მუჯირი – როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს

როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს…იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.

„დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება – მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს.

ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19).

სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის...

კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა". "რაც შეგვეხება კახელებს. კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს. საგარეჯო - 66% სიღნაღი - 63% დედოფლისწყარო - 66% თელავი - 55% გურჯაანი - 62% ახმეტა - 56% ყვარელი - 57% ლაგოდეხი - 62% ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, დასავლეთის ყურადღების ქვეშ რჩება ანტისახელისუფლებო მასშტაბური საპროტესტო აქციები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ისე, რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს, შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. „პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაუშვებელია და საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მრავალ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუმჩნეველი და უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ცაჰკნამ. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა პირველებმა დააწესეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. „სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ უჭერენ ამ ინიციატივას მხარს სხვა ქვეყნები. ამ კვირაში ასეთივე ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, რომლებმაც სანქციები რიგი ქართველი მაღალჩისნოსნების მიმართ შემოიღეს“, – განაცხადა ცაჰკნამ. ამასთან ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი გამოვა, სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ? – გიორგი უშიკიშვილი

„თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება,“ – ამის შესახებ გიორგი უშიკიშვილი აცხადებს.   როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მხოლოდ მომღერლებისა და მსახიობების გაფიცვა შედეგს ვერ მოიტანს. „ძალიან სასიამოვნოა, რომ მომღერლები და მსახიობები გაიფიცნენ, მაგრამ აქ გამოსავალი არის ერთი რაღაც, ჩემი აზრით, რამდენ ხანს უნდა გაიფიცონ მარტო მომღერლები და მსახიობები? თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება. თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა. რამდენ ხანს უნდა გავიფიცოთ? ყველას ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავთ და ა.შ. სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ?“ – აღნიშნავს უშიკიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

„კლინიკაში გული გაუჩერდა…“ – ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ  გზაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ 9“ ავრცელებს. კლინიკა „იმედში“ განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თავიანთ მომხრეებს მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ მორიგ აქციას და იქ შეკრებილებთან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით 400 ათასი ადამიანი. რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000. ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით - "ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა" და თავგანწირული სლოგანით "მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა", - წერს მამუკა მდინარაძე.

ბოლო სიახლეები