ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

მეუფე შიო – ილია მეორის სახით, ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც გვიანდერძა

ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ ილია მეორის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, ილია მეორის უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესია, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა გაძლიერებული, გამართული ეკლესია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო ბიძინა, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას, მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა.

მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ, ამ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. მინდა, მოგისამძიმროთ დღეს ყველას მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. მას ჰქონდა საოცარი თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარული, მასშტაბი, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც გვქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელ ჯვარს.

ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. მინდა, დავამატო, რომ როგორც უკვე გაიგეთ, მისი დასაფლავება მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისკენ და სულის ცხონებისკენ.

შეიძლება ითქვას, არ არის შემთხვევითი, რომ მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში იყო შერწყმული მოწამებრივი გზა და ღვაწლი, სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.

შეუძლებელია, დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, ჩვენი გული სავსეა ემოციებით, ფიქრებით და სიყვარულით, მაგრამ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს თქმით, ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება.

„მწუხარებასთან ერთად, ჩვენი გული ივსება სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, როგორც დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებასა და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და ცხოვრებამ.

კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული. ჩვენ შეგვაძლებინოს, ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან, ღირსეულად შევძლოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს, ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ბოლო სიახლეები