ორშაბათი, მარტი 2, 2026

მეუფე შიო – დიდი მარხვა სინანულის დროა, სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, გრძნობს და უყვარს

ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, „ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების“ და „ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ“ ქრისტეს ეკლესიისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

მიტროპოლიტმა მარხვის არსზე ისაუბრა, მისი თქმით, დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმს.

„ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, საბოლოო გამარჯვებას ეკლესიაში, რომელიც მოხდა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, 787 წელს. ამ კრების მამებს პასუხი უნდა გაეცათ ურთულეს შეკითხვაზე, რომელიც აწუხებდა იმჟამინდელ რელიგიურ სინდისს: შეიძლება თუ არა უხილავი ღმერთი გამოისახოს საღებავებით ან სხვა საშუალებებით? და აი, კრების მამებმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხეს: დიახ, შეიძლება, რადგან მოხდა ღმერთის განკაცება, ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, „ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), – როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, – „და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილ. 2,7).

ღმერთი თავისი ბუნებით და არსით მიუწვდომელია, უხილავია და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახვაც შეუძლებელია, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი არავის არასდროს უხილავს“ (ინ. 1, 18), მაგრამ იქვე დასძენს: „მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან განაცხადა“ (ინ. 1, 18). ე. ი. განკაცებით მოხდა ღვთაების გაცხადება ქრისტეში და უხილავი ღმერთი ჩვენი გრძნობითი აღქმისთვის მისაწვდომი გახდა. ამდენად, რომ განკაცდა ღმერთი, ეს მოხდა და შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

ამდენად, ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს. აი, ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია, ამას გვაუწყებს, ამას გვახსენებ – ღმერთის და ადამიანის სიახლოვეს, იმ სიკეთეს, დიდებას, იმ სინათლეს, რომელიც არის ჩვენში ჩადებული, როგორც ჩვენი წარუშლელი და შინაგანი ბუნება, საფუძველი ჩვენი არსისა.

ის, რომ წმინდა ეკლესია ამას გვახსენებს სწორედ დიდი მარხვის პირველ კვირას, ესეც ნიშანდობლივია, ვინაიდან დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ამ სიკეთეს, სწამს ამ სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს. ადამიანში მარტო ცოდვების და არარაობის დანახვა აზიანებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ამ კეთილი მხარის დანახვის გარეშე. აზიანებს თუნდაც იმიტომ, რომ მიჰყავს ადამიანი მოწყინებამდე, სევდამდე, სასოწარკვეთილებამდე და პარალიზებას ახდენს ღვთისგან ბოძებული საოცარი ნიჭისა, რაც არის ჩვენი შემოქმედებითი ძალები.

აი, ამიტომ დიდმარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ამ მოწყინებაში ჩავარდნის საშიშროებაც უფრო მეტია. ამიტომ წმინდა ეკლესია გვიცავს ამ შეხსენებებით და მინიშნებებით, მოწმობს რა, ღვთის გამოსახვის შესაძლებლობას; ის გვახსენებს ჩვენში ხატებას ღვთისას, როგორც ამ დიდ საოცარ საფუძველს ჩვენი ბუნებისა და თითქოს გვეუბნება: – შეხედე, რა დიდი სიკეთე მიეცა ადამიანს! რა საოცარ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს ავიდეს სულიერი კიბით, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობის ფსკერიდან!

ეს შეხსენებები, სიმბოლური მინიშნებები, რომლებიც იწყება დღევანდელი კვირიდან და გაგრძელდება შემდეგ კვირებში (ეს იქნება შემდეგ გრიგოლ პალამას სწავლება, ჯვრის თაყვანისცემა, იოანე კიბისაღმწერლის კვირა, მარიამ ეგვიპტელისა), სულიერად გვაძლიერებენ, გვიმტკიცებენ მართლმადიდებლურ რწმენას ღვთისა და ადამიანისა და მოგვიწოდებენ ქმედითი სიყვარულისკენ. ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწოდებებს, ამ მინიშნებებს სულიერი ღვაწლით და ქმედითი სიყვარულით, კეთილგანწყობით ადამიანებისადმი, მათი ცხოვრებისადმი და მათი გულწრფელი, კეთილი მისწრაფებებისადმი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას: 1990 წელს, ღვთის შეწევნით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაუღალავი ღვაწლით და შრომით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. სწორედ ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას საზეიმოდ გადასცა ორი სიგელი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. ეს იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ეკლესიის, საბოლოო გამარჯვება იყო ამ დიდ ბრძოლასა და ღვაწლში, რაც უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვებას და მის აღიარებას.

ჩვენ დღეს დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან სწორედ მან დააგვირგვინა თავისი ღვაწლით ეს შრომა და ბრძოლა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და შეგვეწიოს უფალი, რომ მომავალშიც ჩვენი ერი ყოფილიყოს ერთგული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ეკლესიისა, როგორც უმთავრესი საუნჯისა, რომელიც გვებოძა ღვთისგან და რაც არის, ყოველთვის იყო და არის მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა. ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა და აშშ-მა გუშინ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩი რეზა ნაჯაფი აცხადებს, რომ გუშინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს.მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა ისპაჰანის პროვინციაში ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის იყო შექმნილი.„ისინი გუშინ კვლავ თავს დაესხნენ ირანის მშვიდობიან, დაცულ ბირთვულ ობიექტებს“, – განუცხადა რეზა ნაჯაფიმ ჟურნალისტებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საბჭოს სხდომაზე.ცნობისთვის, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის.„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.

კულტურის მინისტრი იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება. ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი. აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში.„ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თეა ონიანმა.

იოჰან ვადეპული – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა.მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ირანის განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას ირანული მედია "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით ავრცელებს."ირანის სახელმწიფო მედია, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანში აშშ-ისრაელის იერიშების დაწყებიდან, სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა", - წერს Reuters-ი.

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში", ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა."ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს", - წერს ანანიძე.

ბოლო სიახლეები