სამშაბათი, აპრილი 7, 2026

მეუფე შიო – გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ

გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში, – ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე – საშინელი სამსჯავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, კურთხევას.

როგორც იცით დღევანდელი დღესასწაულის ისტორია, მართალ სვიმეონს სულიწმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ იხილავდა თავისი თვალებით ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა რჯულში დადგენილი წესისამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც. მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც დღესაც ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ე. ი. რაკი ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს.

ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანა, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ.

ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის – ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული.

და აი, ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში, ის ხდება დიდ განსაცდელში, სნეულებაში, ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით, ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, დავინახოთ უფალი, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5,8).

მაშასადამე, გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ხშირად ვლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50, 10).

ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში, მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა, როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. უფალთან ეს შეხვედრები გვეძლევა ასევე, როგორც საწინდარი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ.

დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ამ შეხვედრის გამო, უფალი გვამზადებს; ამ შეხვედრის გამო, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღვრავს და ეს შეხვედრა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელვყოფდეთ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია. როგორც გითხარით, არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ გვსურს თუ არა, მზად ვართ თუ არა მისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მირქმის დღესასწაულს; შეგვეწიოს უფალი, რომ ღირსეულად განვვლოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე“, ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები: „წადით ჩემგან, წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ“ (მთ. 25, 41), არამედ მისი მოწყალე სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა“ (მთ. 25, 34). ამინ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.„აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის: https://naec.ge/#/ge/post/3538წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს: naec.ge“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.„6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით, გაიმართა ოფიციალური სადილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციით, ხვალ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.მათივე ცნობით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.გთავაზობთ ხარების დღესასწაულზე სათქმელ ტროპარ-კონდაკს:ტროპარი:დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.კონდაკი:ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთაგიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

დონალდ ტრამპი – მზად არის გეგმა, რომელიც ხვალ შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს, ვგულისხმობ სრულ დანგრევას, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარება ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ჟენევის კონვენციის დარღვევას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე არ ღელავს და იმედოვნებს, რომ ამის გაკეთება არ მოუწევს.„თუ ფიქრობთ, რომ მათ მივცემ უფლებას, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებს „ნიუ იორკ თაიმსში“ უთხრათ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ეს „კრიტიკული პერიოდია“ და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ირანი.ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ირანი მიცემულ ვადას გადააცილებს, ირანს „არც ხიდები“, „არც ელექტროსადგურები“ არ ექნება და „ქვის ხანას“ დაემსგავსება.ტრამპის თქმით, მზად არის გეგმა, რომელიც ხვალ შუაღამემდე ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს.„ვგულისხმობ სრულ დანგრევას 00:00 საათისთვის და ეს მოხდება ოთხი საათის განმავლობაში, თუ ჩვენ მოვინდომებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები