სამშაბათი, აპრილი 14, 2026

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი, მან დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში

ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან, თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს.

„ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28). თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი…

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს…

არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში“, – ნათქვამია მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი ხუნდაძე – არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს, ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, უნდა გვესმოდეს მათი, ხელისუფლებაც მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის პრობლემებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღემდე არსებობს ინფრასტრუქტურული, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემები.„დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. ასევე, დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. მე, როგორც მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, უამრავ პრობლემას ვაწყდები ადგილზე, რაც მხოლოდ ამ რეგიონისათვის არაა დამახასიათებელი. მაგალითად, თიანეთის რაიონის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადგილობრივი რესურსით პირველი რიგის პრობლემები რამენაირად მოგვარდეს. დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორჯერ ისე შეიცვალა, რომ სასმელი წყალი არ არის  და დღესაც სიონი უწყლოდაა დარჩენილი. დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. 31 თემი დღესაც ელექტროენერგიის გარეშეა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველზე უნდა იზრუნოს ყოველდღიურად და არა მხოლოდ არჩევნების წინ.„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და პაციენტები მხოლოდ ენთუზიასტი ექიმებისა და მედპერსონალის იმედად არიან დარჩენილნი. პირველად არ გამოვხატავ წუხილს მცხეთასთან მიმართებით. ძირითადი პრობლემა პასუხისმგებლობის მუდმივად ზევით გადამისამართებაა, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქრონიკულ პრობლემად იქცა. შედეგი სახეზეა – სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. ასევე, ისტორიულ ძველ სატახტო დედაქალაქ მცხეთაში მოძრაობა გაუსაძლისია ცენტრალურ ქუჩაზე. მოუწესრიგებელია ჯავახიშვილის ქუჩა და აქაც მოსახლეობა ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის. მე ვითვალისწინებ იმას, რომ ადგილობრივი რესურსით ეს პრობლემები ვერ გვარდება და სულ ზევით უნდა ვეძიოთ გადაწყვეტილება. ამიტომ მეც ზევით მივაკითხე ინფრასტრუქტურის მინისტრს და მინდა, მას მადლობა გადავუხადო – ის დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში თავად ესტუმრება მცხეთას, ადგილზე გაეცნობა პრობლემებს და მაქვს იმედი, რომ ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ასე რომ, პრობლემა ბევრია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა დროა მათ მოსაგვარებლად. არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს. არ უნდა გავერთოთ არასაარჩევნო პერიოდით, არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესი. მე ველი, რომ ჩემი გამოსვლა არ იქნება მხოლოდ გამოსვლა და ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მეუფე შიო – მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა, გაძლიერება და ქართული ენის, ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა

მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა.მეუფე შიომ ქადაგებისას მრევლს აღდგომის ბრწინყვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნა, რომ დღეს ბრწყინვალე სამშაბათია.„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გილოცავთ ბრწყინვალე სამშაბათს, თქვენ იცით, მთელი ეს კვირა აღდგომის ტოლფასია და გილოცავთ ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის აშენებული ეს შესანიშნავი ტაძარი და განსაკუთრებით გილოცავთ ყველას, ვინც ამ ტაძარში მოღვაწობთ, მამა შიო, ვინც მსახურობს, გალობს, ლოცულობს, აღმშენებლებს და შემომწირველებს ამ ტაძრისა, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ. დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება და ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა, შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულა. რა არის ამის მიზეზი? ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა, ან ცოდვები, რომელიც ადამიანს აწევს სულზე, მაგრამ არ უნდათ ამ ცოდვებთან განშორება, მათთან ბრძოლა არ უნდათ.უფრო ხშირად კი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად ღარიბია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და განწმენდის, სულიერი განწმენდის აუცილებლობას, თავიანთ სხეულს უვლიან ზედმიწევნით, სულზე კი არ ზრუნავენ. აი, თუ მარხვაში ვფიქრობდით სინანულზე, მარხვის შემდეგ, ამ პერიოდში, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ, აღარ გავიმეოროთ ისინი და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს, მზრუვნელობის გარეშე. როგორც გვასწავლის პავლე მოციქული, „სულს ნუ დაშრეტთ“. რას ნიშნავს დაშრეტთ? ე.ი. ნუ დაშრეტთ ნიშნავს, ნუ ჩააქრობთ სულს. აი, ამაში შეგევწიოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს, როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერითა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა გამოაბრაძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი.როგორც არის დაუჯდომელში სიტყვები, „გიხაროდენ სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო“, მაშასადამე, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს, სამოთხეში უშვებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ მას ჩვენ, „გვაცხოვნენ ჩვენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო“, მხოლოდ მას მივვმართავთ, არცერთ წმინდა ადამიანს ასე არ მივმართავთ და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რიმელიც ჩვენზე მოიღო, იმისთვის, რომ ღირსგვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილვხვდომილი ერი ვყოფოლიყავით. ამის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანება არის. და არ არის შემთხვევითი, რომ აღდდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტოანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა, შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია იბერიის ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თვის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს და რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, გვშუამდგომლობს მის წინაშე და ამ ხატის მოვლინებაც არის დასტური მისი მფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და საოცრად დიდებული არის, ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. მისი უწმინდესობას და უნეტარესობას უთქვამს, შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან, საღვთო, სულიერ მუსიკას შეადარა, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა, ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მკვდრეთით აღდგომილმან მაცხოვარმან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით დაგლოცოთ და გაგძლიეროთ. მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეჩერდება, ვიდრე ახალი ამბების მიუკერძოებლად გაშუქება არ იქნება უზრუნველყოფილი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული პარტიის „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეჩერდება, ვიდრე მაუწყებლის მიერ ახალი ამბების მიუკერძოებლად გაშუქება არ იქნება უზრუნველყოფილი.ამის შესახებ მადიარმა 12 აპრილს არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა ახალმა სამეურვეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს.ცნობისთვის, პარტია „ტისამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. არჩევნების საბოლოო შედეგები 4 მაისს გამოცხადდება.

პეტერ მადიარი – გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, გესტუმროთ თბილისში, მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას, თუმცა არ ჩავერევით სხვა ქვეყნის საქმეებში

ცხადია, გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა უპასუხა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ დიდი ხნის მეგობრობა, რაც სტრატეგიულ პარტნიორობაში გამოიხატება, როგორ გააგრძელებთ ურთიერთობებს საქართველოსთან და იქნება თუ არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან?“„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთს გაუარესებული ურთიერთობა ექნება იმავე ქვეყნებთან. თუმცა თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე ქვეყანასთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ, რადგან ჩვენს საერთო ინტერესებშია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და ერთად აყვავება. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არცერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვენ არ ვეცდებით, გავლენა მოვახდინოთ თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ან სხვაგან არჩევნებზე. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არცერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს.ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მეუღლის დანაშაულს უარყოფს.ესპანური მედიის ცნობით, საქმე ეხება ესპანეთის პრემიერ მინისტრის მეუღლის პროექტს, კერძოდ, მადრიდის უნივერსიტეტში კათედრას სახელწოდებით „კონკურენტუნარიანი სოციალური ტრანსფორმაცია.“ გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ამ კათედრის გახსნის მიზნით რექტორებზე ზეწოლა მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების შემდეგ ეს კათედრა საერთოდ დაიხურა.2024 წლის ოქტომბერში ამ საქმეზე გამოძიება გაფართოვდა, როდესაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ უჩივლა და  ბეგონია გომესი მადრიდის უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის მითვისებაში დაადანაშაულა.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ასევე ბრალად სდებენ სახელმწიფო მოხელის, კრისტინა ალბარესის საკუთარ ბიზნეს პროექტებში ასისტენტად გამოყენებაში.ესპანეთის მთავრობის მეთაური მისი მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ გომესის წინააღმდეგ კამპანია მემარცხენე ოპოზიციამ წამოიწყო, რომელსაც მისი მთავრობის დესტაბილიზაცია სურს.

ბოლო სიახლეები