ორშაბათი, აპრილი 6, 2026

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან.

მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, ჩატარდეს გაფართოებული კრება.

„მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი.

ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, პროცედურა როგორი იქნება. დღევანდელი სინოდის შემდეგ კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს. ვფიქრობ, ესეც დიდხანს გაგრძელდება. სათითაოდ განვიხილავთ, ვინც შეიძლება, რომ იყოს კანდიდატი. კენჭისყრა იქნება სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის. ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს, ის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „საერთოდ 60 დღე გვაქვს. ალბათ ეს იქნება პატრიარქის ორმოცამდე ან ორმოცის შემდეგ მალევე, რადგან კრებაც უნდა მოესწროს“.

რაც შეეხება გაფართოებულ კრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული კრება პროცედურული საკითხებით არ არის დატვირთული და შესაძლებელია, ერთ დღეში დასრულდეს.

„იმედია, ერთ დღეში დასრულდება, რადგან გაფართოებული კრება იმდენად პროცედურული არ არის, რამდენადაც არის საჯაროობისათვის. ყველა ეპარქიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ოღონდ არა ხმის უფლებით, არამედ სათათბირო ხმის უფლებით. აქ მოხდება სამი კანდიდატიდან ერთის გამორჩევა.  ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ შემდეგ სინოდზე. პროცედურებზე ვსაუბრობდით და არა კანდიდატებზე. კანდიდატებზე, ასაკზე, განათლებაზე – ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. შესაბამისი პროცედურებით დავადგენთ, ვინ შეიძლება საერთოდ იყოს კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია.

„დებულების შეცვლა ამ ეტაპზე არის გამორიცხული, რადგან დებულება დაადგინა გაფართოებულმა კრებამ. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს. არსებობს გაფართოებული კრება, ოღონდ ის არა, რომელიც ახლა იქნება. შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი თუ მოიწვევს და ალბათ მოიწვევს, ალბათ ბევრი საკითხი იქნება გასაახლებელი, რადგან რამდენიმე ხანი გავიდა 1995 წლიდან. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, მრევლის წევრები როგორ მოხვდებიან გაფართოებულ კრებაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ და ხომ არ იღებს ეს ფორმალურ ხასიათს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა:

„მეც ეგ ვკითხე ყველას, ყველა მაგას კითხულობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს გაფართოებულ კრებას, მაგრამ უფრო საჯაროობისთვის არის ეს. შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის ისეთი მოხსენება, რომელმაც შემდეგ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენ ყველას ვუსმენთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გავიგოთ ამ კანდიდატებზე, რაც მანამდე არ ვიცოდით –  კარგი ან ცუდი. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ

ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში და არა კვირებში“ სურს.„თუ ეს მოხდება, მოხდება. და თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის დღე და ეს იქნება ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში. ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.შეკითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ირანისთვის ვადას, რათა თეირანს მეტი დრო მისცეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

„მონობის აჩრდილი“: როგორ აფასებენ ვითარებას პუტინის ოლიგარქები

„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“, - აცხადებს დრონების წარმოების მენეჯერი, ალექსეი ჩადაევი და ქვეყანას „ახალი წარუმატებლობების“ შესახებ აფრთხილებს. იმავდროულად, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა „ღრმა კრიზისზე“ საუბრობს და 12-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითხოვს. მათი კრიტიკა პირდაპირი და მოურიდებელია... პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“ - BR24) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მიმდინარე დებატებს აკვირდება - ის რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს. „ასეთი სტატიის გამო, ოპოზიციის ნებისმიერი წევრი ციხეში ღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკური ბლოგერი მილიარდერი მეწარმის, ოლეგ დერიპასკას სენსაციურ მოსაზრებას. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ დერიპასკა პუტინის ოლიგარქების უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება.საკუთარ ტელეგრამ-არხზე დერიპასკამ პუტინის უსაფრთხოების ძალები „სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები აღარ იდება: „ეს ღრმა კრიზისია. ის რთული ცვლილებებით არის გამოწვეული - იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც ადრე გაგვაჩნდა, გადავედით რეგიონულზე, რასაც უამრავი შეზღუდვა ახლავს თან“.დერიპასკამ თანამემამულეების გაღიზიანება გამოიწვია შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც, მათ დღეში თორმეტი საათი, კვირაში კი ექვსი დღე უნდა იმუშაონ — დილის რვიდან საღამოს რვამდე: „ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ვაღიარებ, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გზაა და ის ჩვენს ეროვნულ ხასიათთანაა დაკავშირებული: მძიმე დროს, ჩვენ ერთად დგომა და კიდევ უფრო თავდაუზოგავი შრომა შეგვიძლია“. „როდის დაგვინაწილებენ ყმებად?“ მას შემდეგ, რაც დერიპასკამ სახელმწიფო აპარატისგან მხარდაჭერა მიიღო (მაგალითად, ყოფილი დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოსგან), მიმომხილველმა ოლეგ საროვმა (412 ათასი გამომწერი) სარკასტულად დაწერა: „ჩვენ სწრაფად ვუბრუნდებით საწყისებს. მეგონა, დერიპასკამ რაღაც სისულელე დაუფიქრებლად დაწერა. თურმე, არა - რა დაუფიქრებლად? XIX საუკუნეში დაბრუნების მთელი კამპანიაა დღეს გაჩაღებული. საინტერესოა, როდის აპირებენ ყმების ერთმანეთში განაწილებას?“სხვა რუსი ექსპერტები ირონიისგან თავს იკავებენ და სერიოზულად აცხადებენ: „მთავრობა მოსახლეობას, შესაძლოა, ტოტალური შრომითი მობილიზაციის სცენარისთვის ღიად და სისტემურად ამზადებს“. „ფუტკრები დილის 6-დან საღამოს 7-მდე შრომობენ“ ანალიტიკოსების შეფასებით, ანაზღაურებად „ზეგანაკვეთურ სამუშაოზე“ ოცნებაც არ ღირს, რადგან საამისოდ ფული არ არსებობს: „ქვეყანას გიგანტური პარამილიტარისტული ბანაკისთვის ამზადებენ, სადაც სამსახურიდან წასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ტრადიციული ხელფასები კი შესაძლოა ნაწილობრივ სასურსათო ტალონებმა შეცვალოს“.დერიპასკამ ამ კრიტიკას ირონიულად უპასუხა: მან აყვავებული ბაღის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფუტკრებიც კი ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 7-მდე „შრომობენ“. ამ კონტექსტში, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის 23 თებერვალს პუტინის ნათქვამი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, დერიპასკას მოთხოვნა „იწინასწარმეტყველა“: „საერთო მიზნებისთვის ერთად გამარჯვების უნარი ჩვენი არმიისა და ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების უდიდესი ძალაა“.„რუსეთის თავზე ყმობის აჩრდილი ტრიალებს“, - აცხადებს კიდევ ერთი მიმომხილველი, რომელსაც 118 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი თქმით, დერიპასკამ „ამომწურავი პოლიტიკური დიაგნოზი“ დასვა: „პირველად მოხდა, რომ ძველი ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელმა ასე ღიად დაასახელა ის ჩიხი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა შეიყვანა. დერიპასკას ფიქრები იმის გაცნობიერებითაა განპირობებული, რომ „სტაბილურობა“, საბოლოო ჯამში, სტაგნაციად იქცა“. „რუსეთი ფატალურად იგვიანებს“ დერიპასკა სულაც არ არის ერთადერთი რუსი მეწარმე, რომელიც მომავალს შავ ფერებში ხედავს. განგაშის ზარს სცემს დრონების მწარმოებელი ალექსეი ჩადაევიც: „ამ ომში, რომელიც თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა ჰგავს ლოსს - ამერიკულ ირემს - რომელიც ავტომაგისტრალზე გავიდა. მისი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციის უნარი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილოს. ის ვერც კი მოასწრებს რეაგირებას, ვერც კი დაინახავს, რა ეჯახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მანევრირებაზე. ჩვენ მიუღებლად, აუტანლად და ფატალურად ნელები ვართ ამ ომში“.საკუთარ პროგნოზში ჩადაევმა „შემდგომი წარუმატებლობები“ დააანონსა და ასევე იწინასწარმატყველა: „ჩემი მისამართით, რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა წამოვა, როგორც ჩვენთან ყოველთვის ხდება“. „დესტაბილიზაცია შიგნიდან“ პოლიტოლოგი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ ზოგიერთები დერიპასკას „მოჩვენებით აღშფოთებაში“ ადანაშაულებენ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის მართლაც გაბრაზებულია საკუთარი „უძლურების გამო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი კრემლის „ფრიადოსან მოწაფეს“ ნამდვილად არ ჰგავს.ოლიგარქების მიმართ არაერთი კრიტიკის ფონზე, არხი „ორი მაიორი“ (Two Majors), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ბლოგს (1,18 მილიონი გამომწერი) მართავს, „დესტაბილიზაციაზე“ საუბრობს: „ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ტერმინი „მეექვსე კოლონა“. მასში მოიაზრებიან მოღალატეები, რომლებიც ულტრაპატრიოტებად ოსტატურად ინიღბებიან და ქვეყანას ყალბი არგუმენტებით აზიანებენ“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ისრაელელი ბედნიერია აშშ-ის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება

ყველა ისრაელელი ბედნიერია ამერიკის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელი პილოტის გადარჩენა მიულოცა.„ეს ადასტურებს, რომ თავისუფალი საზოგადოებები როცა იბრძვიან გამბედაობითა და მონდომებით, მათ შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ, ერთი შეხედვით, გადაულახავ სირთულეებს და დაძლიონ სიბნელის, ტერორის ძალები. ამერიკელი პილოტის გადარჩენა აძლიერებს წმინდა პრინციპს: არავინ რჩება გვერდით. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ორივე ქვეყნის ისტორიაში. როგორც ერმა, რომელმაც არაერთხელ განახორციელა გაბედული სამაშველო ოპერაციები, ისრაელელებმა და მე ვიცით, რა გაბედული გადაწყვეტილება მიიღეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა დიდი გამარჯვება აშშ-ს.

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

ბოლო სიახლეები