ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

მეთიუ მილერი – რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას

რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას განცხადებაში ნათლად განმარტა, რომ აშშ გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სანქციებს.

„როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველ თანამდებობის პირებზე ან საქართველოს შიგნით მყოფ კონკრეტულ პირებზე. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება იმ მიმართულების ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად განმარტა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა მილერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ილია ინჯიამ გააკეთა განცხადება. როგორც აღინიშნა, პოლიტიკურ ჯგუფში ასევე შევლენ პარლამენტის წევრები, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი. ამასთან, ილია ინჯიამ ვარლამ ლიპარტელიანთან და ნიკა ელისაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება. „როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. რადიკალური ოპოზიციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

თეა წულუკიანი: რომ გეკითხა, USAID-ის ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა – მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, USAID-თან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, პარასკევიდან, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შვებულებაში გავა და მათ აშშ-ში დაბრუნება დაევალებათ. წულუკიანის განცხადებით, USAID-ის ადგილობრივი პერსონალი ელიტარულ ქართველებად ითვლებოდნენ, რომლებიც საქართველოს ემსახურებოდნენ, სინამდვილეში კი, მათთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ პიროვნული დევნა დააფინანსეს და ბევრი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს. "რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ. მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს! ბევრი. კოლექტიური ქეთო ხუციშვილები." - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

“დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას” – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა - არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა დეტალურ კითხვებს თავი აარიდა. "ივანიშვილის პოზიცია არის ის, რომ ეს არ იყო სესხი და მთელი ეს საბანკო სტრუქტურა იყო უბრალოდ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არცერთ ხელშეკრულებას. ყველა კითხვაზე იძლეოდა ზოგად, ერთნაირ პასუხს. არცერთ დეტალურ კითხვას მან არ უპასუხა და თავი აარიდა", - განაცხადა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, კვლავ მათი მხარის პოზიცია დასტურდება-  ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. "დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ერთ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და ასევე პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ. პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან ყველა კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მიიღო. "არცერთ კითხვაზე მას ( ბიძინა ივანიშვილი) თავი არ აურიდებია. რაიმე არსებით გარემოებაზე კითხვა მე არ მომისმენია. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მიიღო ძალიან დაზუსტებული პასუხი. პირდაპირ დადასტურდა ის, რასაც დოკუმენტურად და რაც აქამდე ძალიან ბევრ კონტექსტში იყო გაჟღერებული, რომ სწორედ დაზარალებული ინვესტორი იყო ამ ურთიერთობაში ჩართული, სწორედ მისი ინვესტიცია იყო, ბრალდებულმა ეს საკითხები ტექნიკურად მოაგვარა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულს და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ინვესტიციის შესაბამისად მისაღები ბიტკოინები რეალურად მან მიითვისა და ამის შემდგომ მოხდა ამ აქტივების ლეგალიზაცია", - აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ – თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე USAID-ის დახურვის დაანონსებისა და ქართველი რადიკალების ახალი სტრატეგიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის თქმით, ახლა გახდება ცნობილი ქართველი რადიკალები ღირებულებების ერთგულნი იყვნენ თუ ჩარიცხული მილიონების. „დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა “ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი “ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ USAID-ის ნაცვლად იქნება სხვა ორგანიზაცია, რომელიც ახალი პრინციპით გასცემს გრანტებს და არ იქნება გასაკვირი თუ გიგაური და სხვა რადიკალები ტრადიციების დამცველები გახდებიან, რადგან მათთვის მთავარი არა პრინციპები, არამედ ფინანსური ღირებულებებია. „ახლა გავიგებთ, ჩვენი მდიდარი ენჯეო სექტორი იმ ღირებულებებისადმი იყვნენ ერთგულნი თუ მხოლოდ მილიონების? დავინახავთ, მარტო დატოვებენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ კვლავ იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად შიშველი ხელებით, მხოლოდ იდეის დონეზე? ბუნებრივია, ისინი ლიბერალები არიან და საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ, ხმალამოწვდილებმა „დაიცვან” ეკლესია, რწმენა, ოჯახური ღირებულებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ქალსა და კაცს შორის უფლის მიერ დაწესებული ურთიერთდამოკიდებულებაც კი. რას იზამ, როცა მიჩვეული ხარ განცხრომით ცხოვრებას, აზრი აღარ აქვს ვის უფლებებს იცავ, მთავარია ფული აიღო. „დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა „ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი „ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ. იმედია, ქართველი ლიბერალების პატრონები ამერიკის სენატში ტექსტს თუ არა, რეზოლუციის დასათაურებას მაინც შეცვლიან, რადგან კოშმარი უკვე საკუთარ სახლში აქვთ,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ემსახურება რეპრესიებს, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს – ირაკლი ფავლენიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები, მათ შორის დღეს ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ემსახურება რეპრესიების განხორციელებას. „უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვდით ფაქტობრივად მეორე დღიდან, შესაბამის პროცედურებსაც მივმართეთ იმის შემდგომ, რა სპეცოპერაციაც ჩატარდა არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ, მოახდინოს მათი დაკავებები და განეიტრალება. ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს გადაწყვეტილება ემსახურება ამ მიზანს. მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა.

ბოლო სიახლეები