დონალდ ტრამპის მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების სამიზნე გახდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კაროლინ ლევიტის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გასულ ღამეს და დილით მიიღეს. ლევიტმა განაცხადა, რომ მომხდარს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა და მოახერხეს კონკრეტული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„პრეზიდენტ ტრამპისგან მაგალითს ვიღებთ, დაშინებისა და ძალადობის მუქარები ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა ლევიტმა.
მომხდარის შესახებ ასევე განაცხადა კონგრესის წევრმა, ელის სტეფანიკმა, რომელიც გაერო-ში აშშ-ის ელჩად დაინიშნა. სტეფანიკის თქმით, მისი ოჯახი მუქარის სამიზნე გახდა. კონგრესის წევრმა აღნიშნა, რომ ის, მისი მეუღლე და მათი სამი წლის შვილი ვაშინგტონიდან ნიუ იორკში, სარატოგას ოლქში მიემგზავრებოდნენ, როდესაც საფრთხის შესახებ აცნობეს. მისივე თქმით, პოლიციამ დაუყოვნებლივ იმოქმედა.
სამართალმდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუქარები არ იყო ნამდვილი და რეალური საფრთხე არ გამოვლენილა.
როგორც გამოძიების ფედერალურ ბიუროში ამბობენ, მათ იცოდნენ მუქარისა და ინციდენტის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ტრამპის კაბინეტისა და ადმინისტრაციის კანდიდატებისკენ.
„ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ ყველა პოტენციურ საფრთხეს და, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ყველაფრის შესახებ, რაც საეჭვოდ მიაჩნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.