აშშ-ის ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ირანის ნეიტრალიზაციის მცდელობის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ჯარების განლაგებას, რუბიომ უპასუხა, რომ სამხედრო ტაქტიკაზე არ ისაუბრებს.
როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აშშ-ს შეუძლია ირანში მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გარეშე“.
მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის პასუხი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე „შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გავრცელდეს“.
რუბიოს თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, გადასახადის სისტემის დაწესება გადაწყვიტოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ მთელი მსოფლიო „აღშფოთებული“ უნდა იყოს, თუმცა, დასძენს, რომ ქვეყნებმა, რომლებზეც მთავარ საზღვაო მარშრუტზე შესაძლო გადასახადის სისტემა ყველაზე მეტად აისახება, „რაღაც უნდა მოიმოქმედონ“.

