კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან ასევე 4 ინფიცირების წყარო არის ლენჯერი, სამი შემთხვევა შემოტანილია და მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია აფხაზეთიდან.
სულ კოვიდცენტრებში ამჟამად 245 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1370 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1108-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.