სუვერენული ერების ალიანსი ეს არ არის მხოლოდ სამიტი და კონფერენცია, ეს არის ერების გაერთიანება და მოძრაობა იმ ძირითად ღირებულებებზე, რაც არის სუვერენიტეტი, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, აშშ-ში ვიზიტის ფარგელებში, დღეს სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
„ამ სამიტით ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაც არის სწორედ საქართველო. საქართველო, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მშვიდობის პოლიტიკის ინტეგრირებაში ჩვენს რეგიონში, ასევე ზოგადად, ნეოკოლონიალური და გლობალური ფსევდოლიბერალური ძალების საწინააღმდეგოდ მიმართულ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში გავიარეთ. გვახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ინვესტიციას დებდა არამხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ექსპორტში, არამედ ისინი ინვესტიციას დებდნენ ე.წ ენჯეოების მიერ ქვეყნების მაიდანიზაციაში. სრულიად შეცვლილია და შემობრუნებული არის ახლანდელი ადმინისტრაცია, რომელიც მთავარ ღირებულებებს, პარტნიორობებს და ქვეყნის განვითარებას ამყარებს სუვერენიტეტზე, ამყარებს ოჯახურ და ტრადიციულ ღირებულებებზე. ამ სამიტზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა – ჩვენი ქვეყნები რომ განვითარდნენ, უნდა ხდებოდეს ეროვნული ინტერესების დაცვა.ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ერის გადარჩენა“,- განაცხადა ლაშხმა.
ლაშხი იმედოვნებს, რომ „ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი“.
„საქართველოს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, გაეჟღერებინა საკუთარი ინტერესი და ხალხის ხმა დაეყენებინა საერთაშორისო პლატფორმაზე. შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა შუა დერეფნის როლზე, ეკონომიკურ განვითარებაზე. დღევანდელი ადმინისტრაცია აქაც ძალიან პრაგმატულ ხედვას იჩენს, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობა, შუა დერეფნის განვითარება, ინვესტიციები არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი. ვხედავთ, რომ ჩვენ არა პეტიციის როლში ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს, არამედ ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი.
იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ჩვენ ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი. იმ ურთიერთობების, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინტერესები იქნება მიღებული, პირველ რიგში, პატივისცემით და ასევე ისე, როგორც ჩვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

