საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, დასავლეთის ყურადღების ქვეშ რჩება ანტისახელისუფლებო მასშტაბური საპროტესტო აქციები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ისე, რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს, შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
„პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაუშვებელია და საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მრავალ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუმჩნეველი და უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა პირველებმა დააწესეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
„სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ უჭერენ ამ ინიციატივას მხარს სხვა ქვეყნები. ამ კვირაში ასეთივე ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, რომლებმაც სანქციები რიგი ქართველი მაღალჩისნოსნების მიმართ შემოიღეს“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ამასთან ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.