სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ახმაურება და მელიას თანადგომას უცხადებს.
„ასე სრულდებიან რეჟიმები – საქართველოშიც მალე დასრულდება ოლიგარქის რუსული მისია! ჩემი თანადგომა ნიკას!“,- წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.