პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, „გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა არაღიარებულ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე“.
„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ, ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, რომ უწყებამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო.