„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!“- წერს ხაზარაძე.
ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 30 ივნისს, 10:30 საათზე, „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ ახსნა -განმარტების მისაცემადაა დაბარებული.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად, 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.