ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

მამუკა მდინარაძე: ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილათი ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ

ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე. აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ.  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს.

საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ.

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებსა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ.  მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით.  ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – პიტერ ანდრეოლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება შეძლოს, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება მიტაცებულია

პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, პიტერ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა.„შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი პროექტის განხორციელება უნდა გულისხმობდეს საქართველოს თანამონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ამ უდიდეს შესაძლებლობას და პოტენციალს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კარგავს, რადგან ის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების პირობებში, საქართველოში აძლიერებს ისეთი რეჟიმების გავლენებს, როგორებიც არის კომუნისტური რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ტერორისტული ირანი, რომელთანაც, იცით, რომ აშშ ღია ომშია. ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები ინფორმირებულები არიან, მათ შორის ისინი, ვინც ახლა საქართველოში იმყოფებიან. თავად დირექტორ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში, ბუნებრივია, ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხვდება ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამითაც თავისთავად უნდა შეუქმნას ყველას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვთ მათ ამ ვიზიტის დროს, რომ, რეალურად, ეს ვიზიტი არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. თუმცა ეს ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების  ინტერესებს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანის, ჩინეთისა და რუსული გავლენების გაძლიერებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ახალი, საერთო წესების შემოღებას, რომლებიც კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგობის სამართლებრივი ჩარჩოს ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ. კანონი 581 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 21 დეპუტატი წავიდა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.კანონის თანახმად, კორუფციად მიიჩნევა: ქრთამი, საჯარო თანხების მითვისება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, გავლენებით ვაჭრობა, კორუფციასთან დაკავშირებული უკანონო გამდიდრება და ა.შ. კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალური სასჯელი არ იყოს ძალიან რბილი. წევრ ქვეყნებს კი შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ სასჯელი.წევრ ქვეყნებს დაეკისრათ მოვალეობა, ყოველწლიურად მიიღონ და განაახლონ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები, პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება, შეაფასონ რისკები, უზრუნველყონ ნდობითი მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევისთვის, გამჭვირვალე გახადონ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.ასევე, ახალი წესების თანახმად, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროპულ ორგანოებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13). ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.იყოს ხსენება მისი საუკუნო. ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით“, – ნათქვამია 19 მარტით დათარიღებულ სამძიმარში.

კახა კალაძე – შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგი სტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.როგორც ცნობილია, ტანკერზე იერიში განხორციელდა უპილოტო ნავით. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სატრანსპორტო მინისტრი ურალოღლუ.თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ტანკერი, თუმცა ბორტზე მყოფი 27 მეზღვაური არ დაშავებულა.უკრაინის დაზვერვის ცნობით, ALTURA თურქული კომპანიის, Pergamon Shipping-ის გემია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება.

ბოლო სიახლეები