ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არ არის გამორიცხული, პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ – იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა

არ არის გამორიცხული ისინი [ოპოზიცია] პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს.

„საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯოზეფ ბორელი – ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების გადაწყვეტილება სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს

ეს გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, – ასე გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცემას. „მე ვითვალისწინებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, დეიფის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

მინდა ვთხოვო ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას – გიორგი გახარია

ბოიკოტის პარალელურად, ოპოზიციიდან ელჩებს მიმართავენ - "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა უცხოელ დიპლომატებს მოუწოდა, არ დაესწრონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა მას ლეგიტიმაცია არ მიეცეს. ამავდროულად, გიორგი გახარია მხარდამჭერებს მიმართავს სხდომის დღეს პროტესტი გამოხატონ. "როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე თვლის, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით, მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას" მანიპულირების და სპეკულირების - ლეგიტიმაციის მიღების. მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა მდინარაძე – პირველი მერცხლები არა და პირველი პუფები გამოჩნდნენ, გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი წერს. „პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა, – პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიან (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს)… შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში. რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, კონფერენციაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში - არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებმა, იურიდიულმა კომპანიებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტებმა. კონფერენცია გახსნეს IP & Tech Law Research Center-ის დამფუძნებელმა ლიკა შიხიაშვილმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჯიბუტმა. მათი განცხადებით, კონფერენციაზე დარეგისტრირდა 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, დარგის სპეციალისტი, სტუდენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოში არსებული გამოწვევები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ნინო ომანაძის თქმით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. „საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, გავიარეთ ტრენინგები და შევუდექით საქმიანობას. პირველ რიგში, შევიმუშავეთ სამართლებრივი აქტები, რომლითაც ჩვენი საქმიანობა მოვიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუცია ახალი შექმნილია, ხოლო IP & Tech Law Research Center კი არის ევროპაში მოქმედი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საშუალება გაგვიზიაროს ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია”, - აცხადებს ნინო ომანაძე. ინფორმაციისთვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

მერაბ ტურავა: საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის სხდომის საკითხი არ არის დაყენებულ და განმარტებას ვერ გავაკეთებ

სასამართლოში ორი სარჩელია შესული, მათგან ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მეორეს კი ამ დროისთვის საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს და დღის ბოლომდე დაადგენს, ხომ არ არის რაიმე ხარვეზი. ამავე განმარტების თანახმად, არ არის მიზანშეწონილი სარჩელების ცალ-ცალკე განხილვა, რადგან დროშიც თითქმის ერთდროულად შევიდა სასამართლოში და შინაარსობრივადაც ერთმანეთს ემთხვევა. - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მედიასთან განაცხადა.   "შემოსული არის ორი სარჩელი, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5-ის ავტორობით. ერთი სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს რაიმე ხარვეზები ხომ არ აქვს სარჩელს და ამის შემდგომ, ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს. ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და შესაბამისად ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც გადავხედე, შინაარსობრივად ისინი, არა მთლიანად, მაგრამ თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, აქედან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული, ამ საკითხზე განმარტებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

ბოლო სიახლეები