მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე. წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება. პროცესი გადაიდო, რათა შეძლოს აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც არასდროს მოუსმინეს, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამაზე უარს აცხადებს.
„დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა, საკუთარი თვალით ნახა და თავისი ყურით გაიგო, რა სამარცხვინო დღეშია ბრალდება. პროცესი დაასრულა ბრალდებამ, პრინციპში, თქვა, რომ აბსურდებს ითხოვს. თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ. ან მიიღებთ სასჯელს ოთხიდან შვიდ წლამდე, ან აღიარეთ, დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ – აი, ეს არის საპროცესო. აქ ახალი არაფერია, პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი თანამდებობის პირი, რომ აღიარეთ, მოინანიეთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ არ ვითხოვ გულმოწყალებას, რაიმეს პატიებას, ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მაბრალებთ, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. სასამართლოს მარტივი არჩევანი აქვს, უნდა თქვას, რომ ეს არის გადაცდომა ან დანაშაული. მოსამართლეს ვუთხარი, რომ მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი, არც დანაშაულებრივი. დღევანდელ პროცესზე ვისხედით დაწყდომამდე. მზია ამაღლობელი ერთი წამით არ დამჯდარა და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს ითხოვს, არავის არაფერს ეხვეწება, ეს არის მისი შინაგანი პროტესტი და ასე უხმოდ გამოხატავს. ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერ-მწყურვალი, დილით ადრე წამოყვანილი. წარმოუდგენელი იქნებოდა, ამ დროს შესთავაზო საბოლოო სიტყვის თქმა, რომელიც ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება. ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც მას არასდროს მოუსმინეს“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დღევანდელი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება.