ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ, ლიკვიდირებაც მოეხდინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ლუკა კურტანიძის თქმით, დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება.
„რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ-ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ. ბრძანება იყო მიცემული, რომ სამაგალითოდ, სახალხოდ დავესაჯეთ. დამაპატიმრეს, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. როდესაც დასჯილი ავყავდით ხელბორკილებით, მთავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ, დათა ახალაია მოვიდა და შეურაცხყოფილად მითხრა, „შენ აქ რა გინდა“, ეს ვიდეოშიც ჩანს. სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. დათა ახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. ორი პოლიციელი გადამეფარა, რომლებიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდოდათ, გავერიდებინეთ, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, იმ ბიჭებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ როცა ამიყვანეს და თბილისის ცენტრალურ სამმართველოში გადამიყვანეს, დერეფანი გააკეთეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და ვიდრე რამდენიმე სართულზე ავიდოდი, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
ამასთან, როგორც ლუკა კურტანიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას საკუთარ ერზე და არა ძალადობას.
„პირველ რიგში, ახალგაზრდებსა და ახალ თაობას ვეტყოდი იმას, რაც ხდებოდა. ხელისუფლებაში როდესაც ხარ და ძალაუფლება გაქვს, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის არის, რომ არ უნდა გაგექცეს ძალაუფლება, რომელიც ხელში გიჭირავს. ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა. დაინგრა უამრავი ადამიანის ოცნებები და ფიქრები. საქართველო – სამშობლო, სახელმწიფო არის ყველასი, მაგრამ მისი მართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა თუ რამე ნაბიჯები იდგმება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალ თაობას, მომავალ ხელისუფლებას ვუთხრათ, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო. რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორ გიყვარდეს შენი სამშობლო და დანარჩენი მსოფლიოსგან არ იყო იმ ეროვნული ღირებულებებით გამიჯნული, რომელიც შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, იქნები დანარჩენი მსოფლიოსთვის ისეთი საინტერესო, როგორიც არის სახელმწიფო საქართველო. დღევანდელი ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში არ მიეცეს ცდუნება, ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა და ათასობით ადამიანმა მაშინ მივიღეთ. დღეს არის ის თავისუფლება, ვფიქრობ, ცოტა ზედმეტიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი რეალობა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.