ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არის გზა, რომელიც არსად მიდის. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“ – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.