ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ლევან ხაბეიშვილი: არ დავიღლები, არ დავისვენებ, არ გავჩერდები

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

ლევან ხაბეიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 22-წლიანი ისტორია აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, სწრაფ განვითარებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის, გაჭირვების და სიღატაკის მტერი. „ნაციონალური მოძრაობა“ დგას წესიერ, მშრომელ, გაუტეხელ, პატრიოტ ადამიანებზე, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის ფაქტი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, დემოკრატიული პარტია და ეს დავამტკიცეთ საქმით. უკანასკნელი კრიზისი დავძლიეთ უპრეცედენტოდ მაღალი შიდაპარტიული არჩევნებით. იყო წყენები, დაპირისპირებები, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ვართ ისტორიის გზაგასაყარზე, ჩვენი ისტორიული ოჯახი, ევროპა, თუ პუტინის ტერორისტი, მკვლელი, ბოროტი რუსეთი. სწორედ ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ თქვენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, თქვენ მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ გიბრუნდებათ თქვენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების გახსნას.

„უკვე შევქმენით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. უახლოეს პერიოდში თბილისის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ახალი ოფისი. ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას , ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას და ასევე დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ ახალგაზრდებს. დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა, სადაც მოქალაქეებს სჭირდებათ ზურგი და მხარდაჭერა“.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ხელი ხელჩაკიდებულებმა. დავასრულოთ დაპირისპირება, დაყოფა, გათითოკაცება და ხელებდაკაპიწებულებმა, დაუღალავი შრომით შევქმნათ დოვლათი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. მინდა, დაგპირდეთ, რომ ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, ვიდრე უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი არ დატოვებს საპყრობილეს და ვიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი, არ დავიღლები, არ დავისვენებ და არ გავჩერდები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას მიმართავს – ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია

როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, „ოცნებიდან“ წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ), – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.ლომჯარია ეხმაურება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია“, – წერს ნინო ლომჯარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ევროკავშირი დათანხმდა, რომ 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი

ევროკავშირი დათანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი.ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი.მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.

სკოლის არდადეგების თარიღი ცნობილია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს, დასრულდება.30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კი ზამთრის არდადეგები იქნება.  ცნობილია, რომ სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ლევან სანიკიძე გახარიას პარტიაზე – გადამწყვეტ მომენტში ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა – ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი...

გახარიას „ლუზერთა რაზმი“ ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.მისი თქმით, „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია.„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა. თბილისმა პანღური დაადო , „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა - ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო - ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის ,რაც თქვენ ჩაიდინეთ.ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„სამწუხაროდ, დღეს, როცა ორი რადიკალური მხარისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ ზიზღისა და ურთიერთ დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიგვიყვანა და მთელი ქვეყანა სიძულვილის სპირალშია გახვეული, ყველაზე მეტად გვმართებს გონიერი, ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე!  პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს! დროა, ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.შეგახსენებთ, პარლამენტმა 2 სექტემბერს ცნო გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეების, გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის სადეპუტატო უფლებამოსილება.პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია. სწორედ ამის საფუძველზე განიხილა პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხი.მანამდე კი, 2 ივლისის პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

ბოლო სიახლეები