ლევან კობიაშვილმა პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში ეროვნული ლიგის კლუბებზე ისაუბრა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დონის ზრდა უპირველესად კლუბების მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.
„ეროვნულ ლიგასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ფედერაცია კლუბების საქმეს ვერ გააკეთებს. არავის ვემიჯნებით და ნებისმიერი კლუბის წარმატება გაგვიხარდება. მათი წარუმატებლობა კი გვაწუხებს და გვტკივა. ფედერაცია ეროვნული ლიგის ორგანიზატორია და ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა – ინფრასტრუქტურა განვითარდა, თუმცა კონკრეტულ ქალაქებში კვლავ არსებობს პრობლემები. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე წლების წინ იყო.
მეორე საკითხია სათამაშო ხარისხი, რასაც ფედერაცია ვერ უზრუნველყოფს. მე არც კლუბის ხელმძღვანელი ვარ, არც მწვრთნელი და არც ის ადამიანი, ვინც ტრანსფერებს განაგებს. ამიტომ მოედანზე ნაჩვენებელი ხარისხი თავად კლუბებმა უნდა უზრუნველყონ. ამასთან, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვდგავართ – ერთმანეთთან კავშირი გვაქვს და გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობაც საერთო გვაკისრია. იმედი მაქვს, ახალი ჩემპიონატი უკეთესი იქნება.
პირველ რიგში, ყველანი თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. წარუმატებლობის მიზეზები სხვაგან არ უნდა ვეძებოთ. ფაქტია, რომ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილზე ვართ, რაც კატასტროფაა და არავისთვის მისაღები არ არის. თუმცა ეს ჩვენი რეალური დონის სრულად ამსახველი მაინც არ არის.
არაფერი გამოვა, თუ კლუბი მოთამაშეს ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ გაუშვებს. ტალანტი გარკვეულ ეტაპამდე უნდა შეინარჩუნო, მეტი ფინანსური რესურსი ჩადო და გუნდი გააძლიერო. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ორ კარგ თამაშს ჩაატარებს და მაშინვე ტოვებს გუნდს, სათანადო შემცვლელის გარეშე, ბუნებრივია, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობაზე საუბარი რთული იქნება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

