ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტო პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმეს, რომელზეც დღეს განაჩენი გამოცხადდება.
როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში არც სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც კანონის უზენაესობა.
„ლევან ხაბეიშვილის საქმე არის პოლიტიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო მაგალითი. სასამართლო ახლა მსჯელობს პოლიტიკოსის საჯარო დაპირების შეფასება როგორ მოახდინოს. ეს ერთგვარი ტესტია, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ისე იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც რეჟიმის მიერ გამოტანილ განაჩენებს აცხადებს. სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და კანონის უზენაესობა. რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას და მოსამართლე აცხადებს. მოსამართლე [ირაკლი ] ხუსკივაძე თავად ამბობდა, რომ 20 მაისს, როდესაც ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, გადაწყვეტილებას გაგვაცნობდა, თუმცა სხდომა გადადო. ამ ადამიანს ფერი ჰქონდა გუშინდელ პროცესზე დაკარგული“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი განმარტებით, რამდენიმე გარემოება ადასტურებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ლაშა ფარულავას თქმით, 9 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი სამარტოო საკანში იმყოფებოდა და ბრალდების მხარემ ამ დროის განმავლობაში ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ან საიდუმლო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა იმას, რომ კონკრეტული საჯარო მოხელის მოსყიდვა ხდებოდა.
„საქმეში არ არსებობს ფული, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩემთან ვინმე მოვიდა და ფარული ინფორმაციის სანაცვლოდ რაიმე შემომთავაზაო. 3 მოწმიდან მხოლოდ ერთი მოიყვანა ბრალდებამ სასამართლოზე. ამ მოწმემაც თქვა, რომ ეს იყო აღქმა და სხვა არაფერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 9 საათი მიმდინარეობდა ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა. ამ დროის განმავლობაში თითქმის 1 საათი დაეთმო მოწმის გამოკითხვას. წინასწარ პატიმრობაში ხომ იმ მოტივით იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოეხდინა, ეს წინასწარი პატიმრობაც კი უკანონო გამოდის. არ არსებობს ფული, არც სხვა მტკიცებულებები, გარდა საჯარო განცხადებებისა.

