ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, რომელიც შეერთებულ შტატებს „პირდაპირ და მკაფიოდ“ ესაუბრება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადახედვის პროცესში, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებული მუქარების ფონზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქმეები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება“.
„გრენლანდიისა და დანიის მხარდაჭერაში როდესაც ჩვენ ერთიანობა გამოვავლინეთ, ვფიქრობ, ურთიერთობები ცოტათი შეიცვალა. სერიოზულად უნდა მოგვეკიდონ ჩვენ, როგორც კოლექტიურ ევროპულ ქვეყნებს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
სილინას განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აჩვენა, რომ ევროპა და აშშ ერთად დგანან „უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი მომავლისთვის“, თუმცა, როგორც ლატვიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მსოფლიო ახლა განსხვავებულია“.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა განსაზღვროს წესები, „როგორი საქმიანი ურთიერთობები ექნება ევროპას აშშ-თან და აშშ-ს ევროპასთან“.
ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, ჩაერთოს ევროპული ბირთვული შეკავების მექანიზმის თაობაზე მიმდინარე განხილვებში.
„ჩვენს წინა ვალდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, რატომაც არა?“ – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, უკეთ შეიარაღებული და უფრო შემართული ევროპა მეტ პატივისცემას დაიმსახურებს.
„ეს ნიშნავს, რომ აშშ-თან ურთიერთობაში ჩვენ მზად ვიქნებით, პასუხი უფრო პირდაპირი და მკაფიო ფორმით გავცეთ. ჩვენ ეს ტანგო გვექნება, მაგრამ შესაძლოა, ახალი მოძრაობებიც დაემატოს“, – განაცხადა სილინამ.

