ლაზარეს შაბათი — ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.
ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. უფალს სურდა თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.
“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას. ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული.
ლაზარე გარდაიცვალა. იესო თვლიდა, რომ მან მიიძინა. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, გამოქვაბულს ლოდი ჰქონდა მიფარებული.
გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყველასთვის სიცოცხლე:
“მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.
იესომ დაინახა, როგორ ტიროდა მართა და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.
მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!
მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ
მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.
აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.
ეპისკოპოს ლაზარეს წმინდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.
საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.