ლადო ასათიანის სიყვარულზე საუბრობს მისი ქალიშვილი.
1938 წლიდან ლადო თბილისში გადავიდა.
– როგორ წარიმართა ლადო ასათიანის თბილისური ცხოვრება?
– ლადო ასათიანმა მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ერთხელ სამსახურიდან გამოსვლისას ლადომ ერთი გოგონა შენიშნა. მათ, სრულიად მოულოდნელად, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს.
– ვინ იყო ეს ახალგაზრდა ქალბატონი?
– ეს გახლდათ ანიკო ვაჩნაძე – დედაჩემი. ამ პერიოდში იგი მწერალთა კავშირში მუშაობდა და ისიც ლადოსავით სამსახურიდან ბრუნდებოდა. ანიკო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, ისევ დაუგეგმავად და მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს დედაჩემი და მისი მეგობარი – ლადოსა და მის მეგობარ ნიკა აგიაშვილს. ნიკა და ანიკო ერთმანეთს იცნობდნენ. მან დედას გააცნო ლადო: გაიცანი, ეს ლადო ასათიანია – ქუთაისიდან ჩამოსული ახალგაზრდა პოეტიო. ანიკოს კი თავისი მეგობრისთვის წარუდგენია ეს ახალგაზრდა პოეტი. მეორე დღეს ლადოს ნიკას ხელით წერილი გადაუცია ანიკოსთვის. სამწუხაროდ, ეს წერილი დედამ დახია და ამას სიკვდილამდე ნანობდა. ძალიან ლამაზი წერილი ყოფილა. ამ წერილში ლადო ასათიანი სიყვარულს უხსნიდა და ცოლობას სთხოვდა ანიკო ვაჩნაძეს.
– როგორც ცნობილია, ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის სიყვარულის ისტორია ძალიან ლამაზი და რომანტიკული ყოფილა. ყველა აღიარებს, რომ ანიკო მართლაც განუმეორებელი იყო თავისი გარეგნობით.
– ამას ყველა ამბობს, ალბათ თვითონ ლადოს სიტყვებიც გახსოვთ: „ხომ ლამაზია, ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა…“
ლადოს და ანიკოს გაცნობის შემდეგ, სახლში მისულ ანიკოსთვის ბებიაჩემს უთქვამს: ოჰ, ერთი შენი თავი გამათხოვებინაო. დედას გაუცინია, – ხვალვე მოგიყვან სასიძოს და თუ მოგეწონება, ცოლადაც გავყვებიო. ამის შემდეგ, ლადო ასათიანი, მეგობართან ლევან კიკნაძესთან ერთად, ვაჩნაძეებს ესტუმრა.
– ეს სტუმრობა შემთხვევითი იყო?
– არა. სტუმრებისთვის ბებიას საგანგებოდ სადილი მოუმზადებია. სადილობისას სამზარეულოში გასულ ბებიას, დედაც უკან გაჰყოლია და უკითხავს: მოგეწონა თუ არაო? კიო, – უპასუხია ბებიას, მაგრამ თურმე ლევან კიკნაძეს გულისხმობდა. არა, ეგ არა მეორეზე გეკითხებიო, – უთქვამს დედას. მაგასაც არა უშავს, გაჰყევიო, – ურჩევია ბებიაჩემს დედაჩემისთვის. ამის შემდეგ ანიკო ვაჩნაძემ და ლადო ასათიანმა მალე მოაწერეს ხელი.
– სად დაბინავდნენ ახლად შეუღლებულები?
– პირველ ხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ყოფილი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ ერთ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა შიგნით.
ამ დროს ცოლ-ქმარი მწერალთა კავშირში მუშაობდა. ეს ომისა და გაჭირვების პერიოდია.
– როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ცოლ-ქმარს?
– ლადო ასათიანსა და ანიკო ვაჩნაძეს ერთმანეთი ძალიან რომ უყვარდათ, ეს ლადოს პოეზიიდანაც ჩანს.
თურმე, დედას სადილი საუკეთესოდ, რომ მოემზადებინა და ღვინო არ ჰქონოდა, ლადო არაფრად ჩაუთვლიდა, ხოლო, თუ ღვინო იყო, სადილი ყოველთვის დიასახლისისადმი ქათინაურით მთავრდებოდა.
ესაუბრა ეკა სალაღაია
ალბომიდან
(ა.ვაჩნაძეს)
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.
ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.
ო…მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!
ო… მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.
როგორ გვათრობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწოდით…
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები!
ლ.ასათიანი
* * *
ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია, ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათს და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეუძლებელია. ასე მირჩია ყველამ, ექიმებმაც და სხვებმაც, მერე მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?!
აქ ზამთარში მხოლოდ ისეთი ოჯახები არიან, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ზამთარში აქ ამდენი ხალხი კი არ არის, ერთი დუქანია და მეტი არაფერი, მერე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახურზე აქ ერთი ამბავია, ერთი ადგილის განთავისუფლებას ოცი კაცი შეჰყურებს… როგორც ხედავ, მე აქ ზამთარში ასე ვერ დავრჩები. თუ შენ შეგიძლია მოაწყო ეს ყველაფერი, ოთახიც იშოვნო, შეშაც, სამსახურიც, ფულიც და სურსათიც, დიდი სიამოვნებით, მაგრამ… ვერც შენ და ვერც მე ამას ვერ შევძლებთ.
თბილისში უნდა დავბრუნდე. უნდა ვიმუშაო სადმე და რეჟიმით უნდა ვიცხოვრო. ასე კი არ კვდება ხალხი, ექიმობს და ცოცხლობს. ნამეტან ახსნა-განმარტებებს და მსჯელობებს თავი დაანებე, მე შენზე უფრო მინდა ყველაფერი. უკვე აღარ შემიძლია წერა, ისე მომეშალა ნერვები. თბილისში დავბრუნდები, დავწყნარდები და სადაც დაწყნარებულად ვიქნები, იქ უკეთესია ჩემთვის და ჩემი ავადმყოფობისათვის.
რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. და ამიტომ თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას.
მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო, მერე ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე. ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელიც დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს!
შენი ლადო
1940. აბასთუმანი.
ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. გარდაცვალებამდე ის კონსტანტინე გამსახურდიამაც მოინახულა.
სიცოცხლის ბოლო წუთებში პოეტი შვილს ეალერსებოდა.
ლადო ასათიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
ანიკო ვაჩნაძე საყვარელ მეუღლეს უკანასკნელ წუთებამდე არ მოშორებია და დარჩენილი ცხოვრება მისი ერთგული დარჩა.

