კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან მოსკოვში შეხვედრისას განიხილავს.
„პუტინი და კატარის ემირი აუცილებლად გაცვლიან მოსაზრებებს უკრაინის საკითხზე. ასევე ისაუბრებენ რეგიონულ საკითხებზე“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სავარაუდოდ, კატარის ემირი მოსკოვში დღეს ჩავა და პუტინს 17 აპრილს შეხვდება.
„რეგიონი სავსეა კონფლიქტური პოტენციალით. კატარი ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი ვითარების მოგვარების მცდელობაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ კატართან ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალსა და, რა თქმა უნდა, ჩვენს კონფიდენციალურ დიალოგს მრავალ თემაზე, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, კატარმა რამდენჯერმე სცადა შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის.