პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“  სპეციალური მმართველი დანიშნა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის  17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია.  ასევე, ის სატელეკომუნიკაციო სფეროში კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას. მარიამ სულაბერიძე „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან „კავკასუს ონლაინის“ ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს, მათ შორის, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური მმართველის წინასწარი თანხმობის გარეშე იქნება მიღებული – იქნება ბათილი.  სპეციალური მმართველი ვალდებულია ჩაატაროს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მეშვეობით „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (due diligence) და დასკვნა წარუდგინოს კომუნიკაციების კომისიას, ასევე, ვალდებულია კომისიას მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშე, რომელიც თავისმხრივ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი. კანონის მოთხოვნისა და კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემთხვევაში, სპეციალური ღონისძიების გამოყენება შეწყდება და სპეციალური მმართველი გათავისუფლდება თანამდებობიდან.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

სპეციალური მმართველი ასევე, უფლებამოსილია „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალი იურიდიული პირის დაფუძნება ან/და ფილიალების შექმნა, შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

„კავკასუს ონლაინი“ უკვე ერთი წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას უკანონოდ გასხვისებული წილების პირობებში ახორციელებს, რითაც უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, ასევე საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, კერძოდ, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ტრანზაქციამ, შესაძლებელია საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში მოახდინოს ნეგატიური გავლენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იყო „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა კომპანიის საქმიანობის შეჩერებამ პირველ რიგში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას 2.5 მილიონზე მეტ აბონენტს სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თვალსაზრისით. კომპანიის საქმიანობის შეჩერება უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტზე და შესაბამისად მისაღებ შემოსავლებზე, ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია ავტორიზაციის შეჩერება და კომპანიაში კანონის აღსრულების მიზნით, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გამართავს

საქართველოს მთავრობამ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობის დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე" საკანონმდებლო მაცნეზე 21 ოქტომბრით თარიღდება. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი). "ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე", - აღნიშნულია დოკუმენტში. განკარგულების თანახმად, სამინისტროს ევალება: "ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს: ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას; ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება; განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის სესხის გასაცემად გამოყენებაზე

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კიევისთვის დიდი ოდენობის სესხის გასაცემად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სააგენტო იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.როგორც „როიტერი“ წერს, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა ტექსტებთან შედარებით „შერბილებულია“.„ევროპული საბჭო ვალდებულებას იღებს, დაფაროს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს ომით გამოწვეულ ზიანს“.ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის საჭირო რესურსები ექნება.„რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ექნება თავდაცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსები“, – აღნიშნა კოშტამ.

დონალდ ტრამპი – კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.ტრამპის თქმით, კანადამ გაავრცელა რეკლამა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა და სწორედ ამ მიზეზით წყვეტს ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს.„კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებაში ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა…“ – არუნ ხათრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ავრცელებს, სადაც ქალი ქარელის რაიონიდან ჰყვება, რომ მისმა ვიდეობმა მკერდის სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შეაძლებინა.„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა, ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სიცოცხლეებზეა საუბარი, როგორ გადაარჩინა ქალბატონმა თავისი სიცოცხლე როცა ჩვენს რჩევას მოუსმინა“, - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები