კვირა, მარტი 1, 2026

კირ სტარმერი – გაერთიანებულ სამეფოს დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია

ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

კირ სტარმერის თქმით, ირანის ქმედებებს გმობს და საკუთარ მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებს.

„დღეს დილით, ადრე, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეები დაბომბეს. მას შემდეგ ირანმა რეგიონში განურჩეველი დარტყმები განახორციელა. ვიცი, რომ ბრიტანელი ხალხი და თემები მთელ ჩვენს ქვეყანაში ღრმად შეშფოთებული იქნებიან იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში მყოფი უდანაშაულო ადამიანების ბედის გამო, რომელთა შორისაც ბევრი ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრებიც არიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პასუხი. გაერთიანებულ სამეფოს ამ დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია. მათ საკუთარი ათასობით ადამიანი მოკლეს, სასტიკად ჩაახშვეს დისიდენტობა და რეგიონის დესტაბილიზაცია სცადეს. გაერთიანებულ სამეფოშიც კი ირანის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დისიდენტებს და ებრაულ თემს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 20-ზე მეტ პოტენციურად სასიკვდილო თავდასხმას“, – განაცხადა სატრამერმა.

მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს უნდა მიეცეს.

„ამიტომ, ცხადია, რომ მათ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არასდროს უნდა მიეცეთ. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოს და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ის მთავარ მიზნად. მე ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში პარტნიორებზე, რომელთაგან ბევრი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენ ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას, როგორც ჩვენი ვალდებულებების ნაწილს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ გვაქვს თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი რეგიონში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაძლიერეთ. ჩვენი ძალები აქტიურები არიან და ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები. როგორც დიდ ბრიტანეთს ადრეც გაუკეთებია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავაძლიერეთ ბრიტანული ბაზებისა და პერსონალის დაცვა უმაღლეს დონეზე. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით რეგიონში მყოფ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს და ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად,“ – აცხადებს კირ სტარმერი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ირანს მოუწოდებს, დიპლომატიურ პროცესს დაუბრუნდეს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და დავუბრუნდეთ დიპლომატიურ პროცესს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ირანს შეუძლია, ეს ახლავე დაასრულოს. მათ თავი უნდა შეიკავონ შემდგომი დარტყმებისგან, უარი თქვან თავიანთ შეიარაღების პროგრამებზე და შეწყვიტონ საშინელი ძალადობა და რეპრესიები ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენი დიდი ხნის პოზიციის შესაბამისად, ეს არის დეესკალაციისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების გზა,“ – აღნიშნავს სტარმერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო 2 მარტს ისრაელში აღარ გაემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ორშაბათს, 2 მარტს ისრაელში აღარ გაემგზავრება.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სახლმწიფო მდივნის თანაშემწეზე, დილან ჯონსონზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც გამოცემა იუწყება, რუბიო აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ირანზე ისრაელისა და აშშ-ში დარტყმებს უწევდა მონიტორინგს.

რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით შეხვედრამდე

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ოკადას დამატებით დროში ვაზარით სძლია და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი სპორტსმენი სოციალურ ქსელში სახალისო კადრებს გვიზიარებს: 

პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობსა და სტაბილურობას.მისი თქმით, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ყველა უნდა ხედავდეს, რომ სამეზობლოში მორიგი ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, ჩვენი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს მშვიდობას. "პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ: სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო საერთაშორისო სამართლის დაცვით ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა," - წერს ანანიძე.

ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა, - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებაში.„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა... აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.ფეზეშქიანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მისი კანონიერი მოვალეობა და უფლებაა, შური იძიოს „ამ ისტორიული დანაშაულის ჩამდენებსა და დამკვეთებზე“.აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

გია ხუხაშვილი – დიდი იმედი მაქვს, ოპერაცია ომში არ გადაიზრდება და ირანელი ხალხი ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა – იმედს ვიტოვებ, საქართველოშიც გამოფხიზლდებიან და...

ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისეთი ტიპის ლიდერია, როგორც აიათოლა ალი ხამენეი იყო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ირანში განვითარებულ მოვლენები შეაფასა.გია ხუხაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ირანის მხარდამჭერი ძალიან ბევრი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა. მისივე თქმით, "ბიძინა ივანიშვილი დღეს მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს".„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ პრო-ირანული, აქ მარტო ინაუგურაციაზე დასწრებაზე არ არის საუბარი, 11 თებერვალს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამით საქართველოს ხელისუფლება მტრულს თუ არა, ძალიან უარყოფით გზავნილს აგზავნიდა როგორც აშშ-ის და ევროპის, ასევე, ისრაელის მიმართ, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი პარტნიორი და მეგობარია. ბუნებრივია, ეს შესაბამის კითხვებს იწვევდა. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფალი ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, რადგან ტრამპს რომ თავი დავანებოთ, მარკო რუბიოს განცხადება იყო დაახლოებით 10 დღის წინ, სადაც მან თქვა, რომ ძალიან ძნელია ირანის ხელისუფლებასთან რამეზე საუბარი, რადგან ქვეყანას მართავს პირი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდება. მხედველობაში ჰყავდა აიათოლა ალი ხამენეი. ირანთან მოლაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაურკვეველია, ვის ველაპარაკოთო. გადაწყვეტილებებს იღებს პირი, რომელიც ინსტიტუციურად არსად არის. ეს განცხადება ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე აღექვა, რადგან ისიც ზუსტად ამ ტიპის ლიდერია, როგორც ხამენეი იყო. შორს ვარ იმ აზრიდან, რომ იგივე ბედი ვუსურვო, პირიქით, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თეთრი სახლის ეს გზავნილი ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე მიეღო. ვფიქრობ, ის დღეს მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.მისი განმარტებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ სწორი პოზიცია უნდა აირჩიოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნოს.„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია ომში არ გადაიზრდება და ირანელი ხალხი ამ ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა. ჩვენ ვიცით ირანის რეჟიმი როგორ მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ირანელმა ხალხმა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რომელ უსაფრთხოების სისტემაში მოვიაზრებთ საკუთარ თავს და ამის მიხედვით უნდა გვქონდეს რეაქცია. ჩვენი უსაფრთხოების და მომავალი განვითარების ადგილი კონსტიტუციით არის განსაზღვრული - ეს არის დასავლური, ამერიკული და ევროპული გზა. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აშშ-ის მოკავშირეები ვართ. ამის გათვალისწინებით, ძალიან გასაკვირი იქნება, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდეს. აშშ-ის და დასავლეთის გაძლიერება, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებშია. ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება განსხვავებული პოზიციის დემონსტრირებას ახდენს ბოლო პერიოდში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, გამოფხიზლდებიან და ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.მისი განმარტებით, შესაძლო რისკები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება მიმდინარე ოპერაცია. გია ხუხაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე მოვლენები სწრაფად დასრულდება. „ეს არის ირანელი ხალხისთვის საჩუქარი, რომელიც ამერიკელებმა და ებრაელებმა, პირველ რიგში, ხალხს გაუკეთეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.ის მიიჩნევს, რომ ირანის “რეჟიმებთან” კონსტრუქციული დიალოგი ვერ ჩატარდება და აუცილებელია არჩევნების ჩატარება.„რეჟიმის „რბილი“ ჩამოშორება უნდა მოხდეს, ამას არჩევნების ჩატარება სჭირდება. ირანის ხელისუფლების ნაშთებთან გარკვეული მოლაპარაკებები იქნება, უფრო დემოკრატიულ სამყაროსთან კაპიტულაციის და არჩევნების ჩატარების პირობებზე, ვიდრე სხვა საკითხებზე. სერიოზულად, ირანის ხელისუფლებას როგორც პარტნიორს და მომლაპარაკებელ მხარეს, უკვე არავინ აღიქვამს არა მხოლოდ აშშ-ში და ისრაელში, არამედ მგონი დედამიწაზეც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ბოლო სიახლეები