ორშაბათი, მარტი 23, 2026

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.

მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი – ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ არიან, როცა წინა ხაზზე ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან საჰაერო დარტყმებისგან

ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, მაშინ როდესაც მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკული და ისრაელის საჰაერო დარტყმების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა განაცხადა.„მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამ არაჩვეულებრივ კონტრასტს იმ კომფორტსა და დაცვას შორის, რასაც ხედავთ ისლამური რესპუბლიკის უფროსი გენერლების, სულ მცირე, ცოცხლების, ღრმა ბუნკერებსა და ობიექტებში თეირანსა და მის შემოგარენში.შეადარეთ ეს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ადგილზე არიან და დაუცველები არიან. გენერლები დაცულები არიან. ჯარისკაცები არ არიან დაცულები“, – განაცხადა ბრედ კუპერმა.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა

ლიონელ ჟოსპენი იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი, პარტიის ლიდერი, მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს, 1997-დან 2002 წლებში.საფრანგეთის სოციალისტური პარტიის საკვანძო ფიგურა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიონელ ჟოსპენი ორშაბათს, 23 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.გარდა იმისა, რომ 1997-დან 2002 წლამდე ის იყო პარლამენტის წევრი, პარტიის ლიდერი, მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს, ჟოსპენი ასევე იბრძოდა პრეზიდენტობისთვის, თუმცა ორივეჯერ (1995 და 2002 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში) დამარცხდა.ლიონელ ჟოსპენი სოციალისტური პარტიის მთავარი ფიგურა იყო. მისი პოლიტიკური აღმასვლა ისეთივე მასშტაბური იყო, როგორც ის მოვლენა, რომელმაც მისი კარიერა უეცრად დაასრულა - 2002 წლის 21 აპრილს მემარცხენე ძალები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავიდნენ, რითაც ჟან-მარი ლე პენის „ეროვნულ ფრონტს“ გაეხსნა გზა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ის პოლიტიკიდან წავიდა.

გია ვოლსკი – პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ

ამ დღეებმა აჩვენა, რომ პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება და დიდი სიმპათია მილიონზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოხატა. არა მხოლოდ ქრისტიანებმა, არამედ სხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც. ბევრი ხალხი ჩამოვიდა და მწუხარება გაიზიარეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ“.„ეს იყო იმ დიდი ინტელექტის მანიფესტაცია, რომელიც ჩვენს ხალხს ისტორიული მემკვიდრეობით აქვს. ასევე, დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელზეც პატრიარქი საუბრობდა და რასაც გვასწავლიდა – ტოლერანტობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, დამოკიდებულება ოჯახის სიწმინდეების მიმართ და უამრავი სხვა რამ, რითაც საქართველომ დღემდე მოაღწია. მისმა საზოგადოებამ ეს მაღალი ცოდნა, ინტელექტი და დამოკიდებულება შეინარჩუნა. უამრავი ხალხის სიჩუმე გარკვეულ კდემამოსილებას და ქედის მოხრას გამოხატავდა იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც ვიყავით და რა განცდაც გვქონდა ყველას ერთად. ამ განცდამ, მწუხარებამ და დარდმა გაგვაერთიანა. ეს დღეები ყველამ ერთად გავიზიარეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველსო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გადაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, სერტიფიცირებულ ენერგომენეჯერის (CEM, AEE USA) და ენერგოაუდიტორის (ENSI, ნორვეგია), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსის და ამავე აკადემიის პრემიის ლაურეატის, ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AEE) წევრის და ამავე ასოციაციის უმაღლესი ხარისხის წოდების „Legend in Energy” მფლობელის, საქართველოში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია UNIDO-ის ეროვნული ექსპერტის - პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯიშკარიანების ოჯახსა და ენერგეტიკის ფაკულტეტს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვრცელებს.„ახალგაზრდა თაობების გამორჩეული მასწავლებელი და მენტორი, პროფესორი თენგიზ ჯიშკარიანი შესანიშნავი მკვლევარი და ღირსეული მოქალაქე იყო. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჩვენს ქვეყნაში ენერგეტიკის დარგის განვითარებასთან. განსაკუთრებულად აღსანიშნავია თენგიზ ჯიშკარიანის წვლილი ენერგოეფექტურობის, ენერგომენეჯმენტისა და თანამედროვე ენერგეტიკული მიდგომების დანერგვაში. როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტი და მრავალი პრესტიჟული ორგანიზაციის წევრი, ის ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს გლობალურ პროფესიულ სივრცეში, რაც მისი საქმიანობის მნიშვნელობასა და მასშტაბს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.შეუძლებელია არ აღინიშნოს პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭი და ჯაზური მუსიკისადმი მისი დიდი სიყვარული - მრავალი წლის განმავლობაში ის ლეგენდარული საუნივერსიტეტო ორკესტრისა და „გეპეის ჯაზის“ წევრი იყო და შეუდარებელი ოსტატობით ასრულებდა საქსოფონის პარტიებს.ვუსამძიმრებ ბატონი თენგიზ ჯიშკარიანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.

აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს

აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს.ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაიმართა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის სრული და საბოლოო მოგვარებისკენ. ამ ღრმა, დეტალურ და კონსტრუქციული დიალოგის ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ ხუთი დღის ვადით გადადოს ნებისმიერი სამხედრო იერიში ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებაზე“, – აღნიშნავს ტრამპი.

ბოლო სიახლეები