საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას გულშემატკივრობენ მთავარი დაპირებების შესრულებაში, რაც გულისხმობს „დიფ სთეითის“ დამარცხებასა და უკრაინაში ომის დასრულებას.
„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც აირჩიეს, ჩვენ გავიზიარეთ ის ნარატივი, რაზეც ის საუბრობდა – „დიფ სთეითს“ დაამარცხებდა და უკრაინაში ომს დაასრულებდა. ჩვენ ველოდებით, ვაკვირდებით. როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ჩვენც ვიგრძნობთ ამას. არავის ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. როდესაც დაფინანსებებზე ვსაუბრობდით, მაგალითად, გახსოვთ, USAID აფინანსებდა, 2020 წელს კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რეალურად თვითონ გააყალბეს ეს კვლევები. ვისგან იყო ეს დაფინანსება წამოსული. იგივენაირად იყო ჩართული „ნედი“, ოღონდ აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, მეგობრობა, რაც ორმხრივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გასაახლებლად, თუმცა არ დაუშვებს იმ მუქარებსა და განცხადებებს, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში საქარეთველოსადმი კეთდებოდა.
„რამდენიმე თვის წინ, თუნდაც ტრამპი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი ვამბობდით, რომ თანხები შემოდის უცხოეთიდან, ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, ხმარდება შიდაპოლიტიკურ საქმიანობას, რევოლუციების მოწყობას. ამაზე ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვტყუოდით. შემდეგ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ღიად ისაუბრა იმაზე, რასაც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ უთხრა მსოფლიოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეს ორგანიზაციები თანხებს აგზავნიდნენ სახელმწიფო გადატრიალებები რომ მოხმდარიყო. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ურთიერთობების გადახედვა. წინა ადმინისტრაციის პერიოდში რა მუქარებსაც ვისმენდით, მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და მოიპოვეს თავისუფლება, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ვყოფილიყავით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.
წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.

