პარასკევი, აგვისტო 22, 2025

კახა კალაძე – ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ  „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარია  დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლაზე, კონკრეტული მიზანი გააჩნია.

„მე არ ვიცი, რას ემსახურება ამ ტიპის უაზრო განცხადებები, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც  ადამიანები ჩადიან დანაშაულს. ამ ფონზე მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ, აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას უშვრებიან დაკავებულთა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს? ყველამ  ნახა, მაგალითად, ქალბატონი მზია ამაღლობელი  როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ჩვენ ვიცით“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია ქვეყნის იმიჯის, საქართველოს ხელისუფლების დაზიანება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

„ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მთავარი არის საქართველოს მოსახლეობის აზრი და ამაში უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან გაგიჟებულები იბრძვიან ვითომ საქართველოს დემოკრატიისთვის, თითქოს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ. რეალურად მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ მაშინვე ქვეყანა ჩართონ ომში რუსეთის წინააღმდეგ და გააღვივონ ის პროცესები, რაც ხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობისას, ნიკა გვარამია „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებით შეიწყალა, როგორც ამაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაშია საუბარი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.

„არაფერია გამორიცხული, ნუ გაგიკვირდებათ. სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე ჩვეულებრივი აგენტი, როგორც დანარჩენი რადიკალები – გვარამია და სხვები. არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურაა – ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. არც ეს არის გამორიცხული, რაზეც თქვენ ხაზი გაუსვით, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება, უბრძანეს, დაავალეს, რომ ის ყოფილიყო გათავისუფლებული“, – განაცხადა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ ბოჟაძე -„ლევან გაჩეჩილაძე – შეუვალი ლიდერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. 2 ნოემბრის აქციის ორგანიზებისთვის მთელი საქართველო მოვიარეთ, ყველა რეგიონი, ყველა რაიონი და 150 000 მოქალაქე შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე. 5 ნოემბერს, მოთხოვნების არ შესრულების გამო ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. 7 ნოემბერს, დილით ადრე მოშიმშილეები დაარბიეს, მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით. 2007 წლის 7 ნოემბერმა, 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა, ქართველი ხალხის და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება! ლევან გაჩეჩილაძე ამ პროცესის გამორჩეული ლიდერი იყო, დიდება მის ხსოვნას! არავინ და არაფერია დავიწყებული!

Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

27 ქვეყანა ისრაელს ღაზაში უცხოური მედიის დაშვებისკენ მოუწოდებს

27-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, ღაზაში დაუყოვნებლივ დაუშვან უცხოური მედია.„ჟურნალისტები და მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ომის რეალობის განსაზღვრაში. კონფლიქტის ზონებში წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ როლის ეფექტურად შესასრულებლად. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას. ასევე მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა ძალადობას. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას და ყველა სხვა მხარეს, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ღაზაში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ შესრულება“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.ამასთან, განცხადების ხელმომწერი ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტის, ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული ნაკადის შეუფერხებელი წვდომისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიან.განცხადების ხელმომწერები არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩილე, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სიერა ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.

ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა მამუკამ თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის დივიზიაში ჩასვლისას განაცხადა, მუშაობს ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების შესახებ მთავრობის გეგმის დამტკიცებაზე.„ჩვენ გადამწყვეტი გამარჯვების ეტაპზე ვართ. დღეს აქ ჩამოვედი, რათა დამემტკიცებინა გეგმები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარადგინეს ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები