საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ თბილსიის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
„ეს ადამიანები ნომრიანი აგენტები და მოღალატეები არიან. ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ისინი ქვეყნის გარედან ფინანასდებიან, რომ თავიანთ პატრონებს ემსახურონ და იყვნენ მოღალატეები. არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ხან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ხან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას და ა.შ. მათ ქართველებსაც ვერ ვუწოდებ. სწორედ ეს მოღალატეები ჩადიოდნენ ბრიუსელში, კაბინეტებში დარბოდნენ და თავადაც არ მალავდნენ, რომ ამით იყვნენ დაკავებული.
შესაბამისად, ის, რომ მათ დღეს ქართულ საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებული და გაფარჩაკებულები არიან, თავიანთი გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, ვინ ვის ემსახურება. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოსთან და ქართველების ინტერესებთან ამ ადამიანებს არანაირი საერთო არ აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

