სამშაბათი, მარტი 10, 2026

კახა კალაძე – როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, შესაბამისად, გამოძიების დაწყება სწორი და დროული იყო.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც სიცრუეზე, ტყუილზეა დაფუძნებული, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მავნებლობა.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მყისიერი რეაგირება აღნიშნულზე. ჩვენ როგორც ვიცით, დაკითხვაზე იყვნენ ეს ადამიანები დაბარებული. არსებობდა კონკრეტული კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რომელიც უყურებს და ისმენს ტელევიზიით ამ შინაარსის და ამ ტიპის განცხადებებს, გაუჩნდება კითხვა: რა დგას ამის უკან? როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის? შესაბამისად, გამოძიების დაწყებაც იყო სწორი, დროული, სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს. მათი მხრიდან შეცვლილი პოზიცია და შემდეგ გაკეთებული კომენტარი რაზე მიუთითებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელმა თეირანზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, საპასუხოდ ირანი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თავს დაესხა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ ირანის დედაქალაქ თეირანზე თავდასხმების ახალ ტალღა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, თეირანში ორი აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ქალაქზე თავდასხმები განაახლეს.„ბიბისის“ ინფორმაციით, თეირანზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ ირანმა ისრაელზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები განაახლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდაცვითი სისტემები მათ გასანეიტრალებლად მოქმედებენ.არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი საჰაერო თავდაცვა „ამჟამად რეაგირებს ირანიდან მომავალი რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“.ინფორმაციას ავრცელებს კატარის თავდაცვის სამინისტროც. მათი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდასხმა ჩაახშეს.

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს მიმართავს – თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება, თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ

თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ, – ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ“, – წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძვანელი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს. 

ევროპარლამენტარი ჰანა ნოიმანი – დონალდ ტრამპი 90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს, ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ

ევროპარლამენტის წევრი და ირანთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ჰანა ნოიმანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს“.ევროპარლამენტის წევრის თქმით, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დახმარება მომიტინგეებისთვის გზაში იყო, ვიდრე ის ამ ომს დაიწყებდა და საკმაოდ გაურკვეველია, რა არის მისი  მიზნები და სტრატეგია.„მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ომს, როდესაც არ ვიცი, რა არის სტრატეგია და ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.ევროპარლამენტის წევრის თქმით, რეჟიმის შეცვლა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება მოხდეს, ირანის გარედან და შიგნიდან მყოფი ადამიანების ფართო კოალიციის მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის მრავალფეროვნებას და შეუძლიათ ახალი ხედვის შემოთავაზება.„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა მოვუწოდოთ დეესკალაციისკენ. პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.

სტუ-ის რექტორი გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნოდარ ჭითანავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ ისტორიული პროცესში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დააფიქსირა. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამჟამად კი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში. ნოდარ ჭითანავას კვლევები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები, აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების პრობლემები და სხვა.„ბატონ ნოდარ ჭითანავას გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ეს თარიღი უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ინტელექტუალურ და პროფესიულ გზას.ბატონი ნოდარის გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმის, ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერების სიყვარულის დასტურია. ის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ ღირსეული მოქალაქეა, რომლის ცხოვრების გზა თაობებისთვის მაგალითის მიმცემია.ბატონო ნოდარ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.ინფორმაციისთვის: ნოდარ ჭითანავას ავტორობით გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“; „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“; „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“; „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“; „გლობალური გამოწვევები ერთპოლოუსიან მსოფლიოში“. ნოდარ ჭითანავას ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვას და იმას, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს.მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარის გაღებას ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით.მისი თქმით, თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარი გაუღოს ომის დასრულებას.გუშინ საღამოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ერდოღანმა ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.„ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას“.შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს თავდაცვის სისტემების მიერ მოგერიებული ირანული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ბოლო სიახლეები