ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

კახა კალაძე – მოლოდინი მქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა იმისათვის, რომ ის „დიფ სთეითზე“ საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე.

„არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე – 3 წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ. მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ – ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

„დღეს, ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის – ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვლი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში – იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.

დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემყარება და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა „ჰელსინკის კომისიის“ წევრების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები, რა ტიპის ურთიერთობები [ჰქონდეს] და ასევე, რა სავაჭრო ურთიერთობები [ჰქონდეს]. ეს „ჰელსინკის კომისიის“ საქმე არ არის, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ვისთან გვქონდეს – რა ურთიერთობები“, – განაცხადა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე სტეფანე – თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს – მე ვფიქრობ ასე, რომ ხმა უნდა მივცე მეუფე შიოს

ხმა უნდა მივცე მოსაყდრე მეუფე შიოს - ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით, მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, ის „უწმინდესს ენდობა და მის გამორჩეულ ადამიანს“.„მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე: ხმა უნდა მივცე მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია, არ მჭირდება არავისთან ინტერვიუები, ეს უკვე ნათქვამი მაქვს და არავისთან გავცემ ამაზე ინტერვიუს...მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია მეუფე შიო ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით. მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პრობლემა იქნებოდა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რაიმე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში. სხვა რას გააკეთებს, ვერ ვაგებ პასუხს“, - აღნიშნავს მიტროპოლიტი სტეფანე.გარდა ამისა, მიტროპოლიტი სტეფანე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ილია მეორის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს - ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას“.როგორც მიტროპოლიტი სტეფანე აღნიშნავს, „არავითარი შესანახი ტახტი არ გვაქვს ჩვენ“.„რა უნდა შევინახოთ?! პატრიარქის ტახტი არის, რომელზეც ყველა პატრიარქი უნდა იჯდეს. ეს უნდა იყოს სათუთად მიპყრობილი. ვინც დაჯდება, სათუთად უნდა მოეპყროს. არა ის, გვერდით დავდოთ და რაღაც შემოვაბათ ზონარი აქ პატრიარქი იჯდა. ჩვენ პატრიარქი გვეყოლება. სანამ ამ ქვეყნად ცხოვრება იქნება, პატრიარქი უნდა გვყავდეს. არავითარი შესანახი ტახტი არ გვაქვს ჩვენ. ის ტახტი უნდა იყოს როგორც რელიკვია, ამავე დროს იმ ტახტში უნდა იჯდეს პატიოსანი მემკვიდრე“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ჰელსინკის კომისია – „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს“.„ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, საპატიმრო სასჯელი, ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებისთვის“ იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს „რუსული ოცნება“ მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის“ ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელის – 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის – წინაშე დგანან“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში ორი დებიუტანტი ათამაშა – ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. სიახლე იყო ნახევარდაცვაშიც – ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა მესამე ახალწვეული, გიზი მამაგეიშვილი გამოსცადა.მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.პირველი რეალური საგოლე მომენტი „ჯვაროსნებმა“ 31-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ისრაელის ნაკრების მეკარე შეცდა, გადაცემა კიტეიშვილმა ჩაჭრა, კარში კი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და სტუმრები გოლს გადაარჩინა.

აბას არაღჩი – აშშ-ს ორმაგი სტანდარტი აქვს, მისთვის ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ხოლო აგრესორების წინააღმდეგ ირანის თავდაცვას გმობს, საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.ამის შესახებ აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„აშშ-მა მხარი დაუჭირა ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადას, ამართლებდა დახმარების შეწყვეტას „უსაფრთხოების“ არგუმენტით, ამავე დროს გმობს ირანის ქმედებას, როცა ის თავს იცავს ჰორმუზის სრუტეში. ორმაგი სტანდარტი: ისრაელის დანაშაულები მისაღებია, ირანის თავდაცვა აგრესორების წინააღმდეგ კი – დასაგმობი. საერთაშორისო სამართალი მოხერხებულობის იარაღი არ არის“, – წერს აბას არაღჩი.

დონალდ ტრამპი – მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში აღარ ეცადოს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ისინი გვთხოვენ შეთანხმებაზე მუშაობას, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. არც ის ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა სწორედ ირანის ლიდერებისგან მოდის, თუმცა შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ ირანელებს.„ისინი სულელები არ არიან, პირიქით, ძალიან ჭკვიანები არიან გარკვეული თვალსაზრისით“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები