სამშაბათი, ივნისი 17, 2025

კახა კალაძე აცხადებს, რომ ცაგარელის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისში, ცაგარლის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული – მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა  ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა – რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ცქიტიშვილი – ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ჩორჩანაში საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე, იყო გზის გაყვანის საჭიროება, ყველანი ვხედავდით, რომ არსებობდა ბორდერიზაციის საფრთხე

გამოძიებას ჰქონდა კითხვები ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. მაშინ ვიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე გზის გაყვანის საჭიროება იყო, რადგან არსებობდა ტერიტორიის მიტაცების რისკი, აგრეთვე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოიკითხა.რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა საფრთხეები გაანალიზებული, ცქიტიშვილი ამბობს, რომ საფრთხეეებს განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები და თავად ამაში ჩართული არ ყოფილა.„ბუნებრივია, ვალდებული ვიყავი, ამ კითხვებთან დაკავშირებით გამეცა პასუხები. ნაკლებად მაქვს დეტალებში შესვლის სურვილი. ალბათ ამის თაობაზე ისედაც ვისმენთ მრავლად მედიაში. გამოძიების კითხვებია ეს უფრო, ვიდრე მედიასთან სალაპარაკო. მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო იმ ეტაპზე, რადგანაც არსებობდა როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან რა ფორმით და როგორ. ეს იყო ცნობილი ჩემთვისაც, მათ შორის როგორც მინისტრისთვის მაშინ, როცა ჯერ კიდევ გზის გაყვანის სამუშაოების საჭიროება იყო.საფრთხეეებს განსაზღვრავს შესაბამისი სამსახურები, ასე რომ, ამ შემთხვევაში მე პირადად ამაში არ ვყოფილვარ ჩართული. ვერ გავიხსენებ, მთავრობის სხდომაზე თუ იყო მსჯელობა ამ თემაზე.  ჟურნალისტებს გემახსოვრებათ, რომ ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე აქტიურად მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში, სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ არსებობდა ბორდერიზაციის საფრთხე. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ აქედან გამომდინარე იყო საფრთხეები შეფასებული და შეფასების შედეგად, შსს-ს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

შალვა პაპუაშვილი – სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ ადამიანს ესარჩლება, დიდი ხანია, ვნახეთ, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ

მგონი, სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ, მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს ესარჩლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, დიდი ხანია, გამოჩნდა.„საერთო ჯამში, ეს იმ კრიზისს აჩვენებს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში, კონგრესის ამ ჯგუფში არსებობს. სხვა განცხადებებიც გვსმენია, ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქნელ სააკაშვილს ესარჩლებოდნენ. ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ხორციელდება და როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ესეც, დიდი ხანია, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცი პროტესტის შემდეგ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა კიდევ უფრო მხდალი ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.„ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საელჩო მოუწოდებს ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: + 995 595 31 16 61 (WhatsApp); +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – მადლობა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე

მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე და შედგეს შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამივე ქვეყნის პარლამენტი ამისთვის მზად არის.„შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მძიმე მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე ქვეყნის პარლამენტი მზად არის, ეს ფორმატი განახლდეს და პირველი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე თურქეთში. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებაში. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა თურქეთის პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარნეულში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის რაიონში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ბოლო სიახლეები