არავის ეპატიება ქვეყანაში რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს.
„4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს ამ დაპირების, სახელმწიფო გადატრიალების აღსრულება, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს და დაველოდოთ გამოძიებას.
ზოგადად, ბევრჯერ გვითქვამს და გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, პრემიერ-მინისტრი, მე გამოვდიოდით, ფაქტობრივად, ყოველ დღე მიწევდა განცხადებების გაკეთება, რომ არ გადადგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. არავის ვაპატიებთ და არავის ეპატიება ქვეყანაში რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები. ამ მიმართულებით გაკეთებული ბევრი განცხადების მიუხედავად, მათ იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. შესაბამისად, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ყველა აგებს პასუხს“, – აღნიშნა კალაძემ.

