სიცრუის კამპანია გრძელდება. მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აკეთებს ანალიზს, რა პროცესები მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
„გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

