ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

კახა კალაძე – ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა

ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„უმეტეს შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს იმისი უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა, მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამის უფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი ასეთი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული იყო მოსახლეობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი ექნება გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ, ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და გადმოგეცემათ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს – გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც, ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხდეს ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.

„მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ ჩანაცვლების პროგრამით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არიან თქვენ უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

ტრაგედია გონიოში-დაღუპულია 23 წლის ბიჭი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი.გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლო სიახლეები