არჩევნების წინ კიბერუსაფრთხოება არის ის თემა, რომელიც ძალიან სერიოზულ საკითხს წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ის კიბერშეტევის ფაქტით შეშფოთებულია.
„შეშფოთებული ვარ კიბერშეტევის ფაქტით. იცით, რომ ასეთი ფაქტი შარშან, ოქტომბერშიც იყო და ამას სერიოზულად ვუდგები და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ამ ეტაპზე აუცილებელია მტკიცებულებების მოპოვება და მოტივის დადგენა, თუ რატომ განხორციელდა კიბერშეტევა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, მე კონკრეტული წყაროს დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა ქვეყნისთვის, რომ არჩევნების წინ კიბერუსაფრთხოება არის ის თემა, რომელიც ძალიან სერიოზულ საკითხს წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.
შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა 2020 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელდა. მისი მიზანი კი ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.