სამშაბათი, ივნისი 17, 2025

კანონპროექტით, პირები, ვისაც ზიანის ანაზღაურება დაევალათ, სასჯელის მოხდიდან 16 წელი ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ ქვეყანას

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა საზღვრის დატოვებას ნებართვის გარეშე აუკრძალავს პირებს, რომლებსაც სასჯელი მოხდილი აქვთ, თუმცა გამოტანილი აქვთ ამასთან ზიანის ანაზღაურების განაჩენი, თუმცა აღნიშნული ზიანი ანაზღაურებული არ აქვთ. მაქსიმალური ლიმიტი საზღვრის კვეთისთვის ნებართვის მოპოვებაზე 16 წელს შეადგენს. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ამარტივებს სასჯელმისჯილ პირთან დაკავშირებული პირებიდან თანხების ამოღებას ზიანის ანაზღაურების მიზნით.

კანონპროექტის თანაავტორის, ოცნების დეპუტატის არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონი გავრცელდება გიორგი ბაჩიაშვილზეც. გორდულაძის თქმით, ბაჩიაშვილმა “კოლოსალური ზიანი მიაყენა” კონკრეტულ პირს და მას ზიანი უნდა აუნაზღაუროს. საუბარია ორ ურთიერთდაკავშირებულ განაჩენზე, კერძოდ კი 2025 წლის 10 მარტს, სასამართლომ ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ დავაში დაზარალებულის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს აქვს. კიდევ ერთი სასამართლო პროცესით, 2025 წლის 1 მაისს, სასამართლომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მიიღო განაჩენი და გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამ კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება ამჟამად 963 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ ამ 963 მილიონი დოლარის გადახდის ამოღების უზრუნველყოფისთვის ქართული ოცნების პარლამენტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პირებს, რომელთაც სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ სახელმწიფოს სამსახურების ნებართვის გარეშე 16 წელი უზღუდავს ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, თუკი ბაჩიაშვილი სასჯელს 11 წლის განმავლობაში მოიხდის, ის საპატიმრო დაწესებულებას 2036 წელს დატოვებს, ხოლო ახალი კანონპროექტით, მას საქართველოს დატოვება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე 2052 წლამდე აეკრძალება. ამ დროს ივანიშვილი 96 წლის იქნება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი- “დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის.

ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული-უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის – 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის- 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი. წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ხელს შეუწყობს დაზარალებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, რეგლამენტირებულ იქნება გამარტივებული აღსრულების მექანიზმი და დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ მიყენებული ზიანი,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ ადამიანს ესარჩლება, დიდი ხანია, ვნახეთ, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ

მგონი, სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ, მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს ესარჩლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, დიდი ხანია, გამოჩნდა.„საერთო ჯამში, ეს იმ კრიზისს აჩვენებს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში, კონგრესის ამ ჯგუფში არსებობს. სხვა განცხადებებიც გვსმენია, ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქნელ სააკაშვილს ესარჩლებოდნენ. ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ხორციელდება და როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ესეც, დიდი ხანია, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცი პროტესტის შემდეგ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა კიდევ უფრო მხდალი ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.„ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საელჩო მოუწოდებს ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: + 995 595 31 16 61 (WhatsApp); +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – მადლობა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე

მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივისთვის, რომ განახლდეს სამმხრივი ფორმატი თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე და შედგეს შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამივე ქვეყნის პარლამენტი ამისთვის მზად არის.„შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მძიმე მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე ქვეყნის პარლამენტი მზად არის, ეს ფორმატი განახლდეს და პირველი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე თურქეთში. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებაში. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა თურქეთის პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარნეულში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის რაიონში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეიმ, შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.როგორც თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელ კაცმა განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს ომის დანაშაულის ჩადენა და ისრაელის მოქალაქეების მისამართით რაკეტების სროლა.„მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მოქმედებას რეჟიმის სამიზნეებისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ თეირანში, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ პროპაგანდისა და წაქეზების გამავრცელებელი ორგანოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.ისრაელ კაცმა ასევე მოუწოდა თეირანის მცხოვრებლებს, ევაკუაცია მოახდინონ იმ რაიონებიდან, რომელთა დატოვების ინსტრუქციასაც მათ ისრაელის თავდაცვის ძალები აძლევენ.„თეირანის მცხოვრებლებო, არ ჩაიგდოთ საფრთხეში თავი და ნუ გადაიქცევით დიქტატორის მძევლებად, რომელიც თქვენ გადასარჩენად გიყენებთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბოლო სიახლეები