კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს „დიდი შვიდეულის“ პირველი სამიტია ტრამპის მონაწილეობით.
გრენლანდიაში ვიზიტის შემდეგ კანადაში ასევე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ადგილზე იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.
„დიდი შვიდეულის“ სამიტს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც დაესწრება, რომლისთვისაც ასევე პირველი სამიტია კანცლერის პოსტზე. მოგვიანებით, მერცი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნისაც შეხვდა.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის პირველ დღეს გლობალურ ეკონომიკაზე ფოკუსირდებიან. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ტყის ხანძრები, ნარკოტიკების კონტრაბანდა და მიგრანტების თემა. 17 ივნისს კი უკრაინის საკითხი იქნება განხილული, სადაც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.