ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025

კალიის გუნდების თავდასხმა სამხრეთ უკრაინაზე, მათი შემოსევა ომის შედეგებს კიდევ უფრო ამძიმებს

უკრაინის ზოგიერთ რაიონში მილიონობით კალიისგან შემდგარი გუნდი გამოჩნდა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ირიბი გამოძახილია: ფრონტის სიახლოვე შეუძლებელს ხდის ჰაერიდან მავნებლებთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას, გარდა ამისა, ოკუპანტების მიერ კახოვკას კაშხლის განადგურებამ ადგილობრივი ეკოსისტემა შეცვალა, რამაც კალიების პოპულაციის ზრდისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

კალია, რომელსაც უმოკლეს ვადაში მოსავლის უზარმაზარი ფართობების განადგურება შეუძლია, მდინარეების ხეობებში ან დაუმუშავებელ, მივარდნილ ადგილებში სწრაფად მრავლდება. ფრონტის ხაზის მიმდებარე რაიონებში მის წინააღმდეგ ბრძოლა თითქმის შეუძლებელია.

„ჩვენ კალიების დიდი კოლონია ვნახეთ. მეორე დღეს მოფრინდნენ ისინი, ვისაც ქვეითი ჯარი( pěchota) დავარქვი. პატარები ჭამდნენ ყველაფერს, რაც დაბალი სიმაღლის იყო, ყველაფერს ჭამდნენ. დიდები გარშემო დაფრინავდნენ და შემდეგ გაფრინდნენ. პატარები ძირს დაცოცავენ და ისევ აქ არიან, აქეთ-იქით დახტიან. მათ ყველაფერი დაფარეს, გარემოს დიდი საბანივით გადაეფარნენ“, – ასე აღწერს კალიების შემოსევას ზაპოროჟიელი ფერმერი, ოლეგ ტოლმატოვი.

პროგრესის ხაფანგი: კახოვკას კაშხლის განადგურებამ უკრაინას აურაცხელი ზიანი მიაყენა (ჩეხურ ენაზე)

მდგომარეობას ართულებს მიმდინარე წლის ზაფხულის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა. მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის თვითმფრინავების გამოყენება ფრონტის ხაზზე შეუძლებელია, ფრინველები კი, რომლებიც კალიების ბუნებრივი მტრები არიან, საბრძოლო მოქმედების ახლომახლო ზონებს გაურბიან.

„ახლა მხოლოდ ჰაერიდან ქიმიკატების შესხურება იქნებოდა ეფექტური, რომ მინდვრები მთლიანად დაეფარა, როგორც ეს ომამდე ხდებოდა“, – ადასტურებს კუსუხუმის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ვოლოდიმირ სოსუნოვსკი.

კალიები უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მძვინვარებენ

კალიის გუნდები დაფიქსირდა ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ვინიცის ოლქებში, ასევე უფრო ჩრდილოეთით – ჟიტომირისა და კიევის ოლქებში. ზაპოროჟიეს ოლქში ინსექტიციდები ექვს ათას ჰექტარზე მეტ ფართობ მიწაზე იქნა გამოყენებული.

„მათთან ბრძოლას მაქსიმალურად ვცდილობთ. ქუჩებში ხსნარს ვასხურებთ. ხალხი გვეუბნება, რომელ ადგილებში მომრავლდნენ კალიები, ჩვენ იქ მივდივართ და მავნებლებს ვანადგურებთ“, – ამბობს ფერმერი ტოლმატოვი.

ზაპოროჟიეს ოლქში ინსექტიციდების გამოყენებამ კალიის გუნდების ზრდა შეაჩერა, მაგრამ იქაური ფერმერები ამბობენ, რომ მზესუმზირის მოსავლის მესამედის განადგურება მავნებლებმა მაინც მოასწრეს. ხერსონის ოლქში კალიებმა მზესუმზირის ნათესები 27 კვადრატული კილომეტრ ფართობზე მოსპეს, სანამ მათი განეტრალება მოხერხდებოდა.

უკრაინა მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია, ომამდე კი ხორბლის ექსპორტით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე იყო.

კახოვკის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დეფიციტია (ჩეხურ ენაზე)

ეკოლოგი: კახოვკის კაშხლის განადგურებამ კალიების შემოსევა გააძლიერა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას კალიების შემოსევა პირველად არ განუცდია, წელს პრობლემა უფრო მასშტაბურია. ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონი ყოფილი კახოვკის კაშხლის ტერიტორიაა. რუსულმა ძალებმა კაშხალი 2023 წელს, უკრაინული ჯარის წინსვლის შესაჩერებლად ააფეთქეს.

„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებამ გამოიწვია ის, რომ ახლა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დიდ ნაწილში სასმელი წყლის დეფიციტია. ამავდროულად, ეს ტერიტორიები ნაწილობრივ დატბორილია და ეს იდეალური პირობებია კალიების გამრავლებისთვის“, – განაცხადა სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დენის მარჩუკმა.

ამას კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ზოოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი, იური პროცენკოც ადასტურებს. მისი თქმით, კალიების წლევანდელი მასობრივი შემოსევა შემთხვევითი არ არის, ის რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის შედეგია.

„კაზაკური ატლანტიდა“ წყლიდან ამოვიდა – კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ, დნეპრი წყალქვეშა ისტორიას ასაჯაროებს (ჩეხურ ენაზე)

XIX საუკუნის ბოლომდე, კალიების მსგავსი შემოსევები უკრაინის სტეპებში ჩვეულებრივი ამბავი იყო და რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მწერების ბუნებრივი ციკლების მიხედვით, მეორდებოდა. XX საუკუნის შუა ხანებში, სოფლის მეურნეობისთვის სტეპური მიწების აქტიური გამოყენებისა და კახოვკის წყალსაცავის აშენების შემდეგ, ვითარება გამოსწორდა: მცენარეულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და კალიების მასობრივი გამრავლებისთვის შესაფერისი პირობები გაქრა. მაგრამ ომმა მდგომარეობა ისევ უარესობისკენ შეცვალა.

„ტოტალური (რუსული) შემოჭრის შედეგად კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებამ და სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენების შემცირებამ კალიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების აღდგენა გამოიწვია. მწერების ბუნებრივ ციკლებთან ერთად, ამან კალიების წლევანდელი მასობრივი გამრავლებაც განაპირობა“, – აღნიშნა პროცენკომ.

„რუსული ეკოციდის შედეგი“

ამჟამად დამშრალი კახოვკის წყალსაცავის გარდა, კალიების პოტენციური გამრავლების სხვა ადგილებს წარმოადგენს ნეიტრალურ ზონა და ბრძოლის ველთან ახლოს არსებული დაუმუშავებელი მიწა. „საბრძოლო მოქმედებები შეუძლებელს ხდის სსასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებას, რაც კალიების პოტენციურ ჰაბიტატს ზრდის“, – აღნიშნავს ვებგვერდი Kyiv Post-ი. ამასობაში, ფრონტის ხაზის სიგრძემ ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმდებარე რეგიონში თითქმის 150 კილომეტრს მიაღწია, საგანე კი უმეტეს ადგილებში ოცდაათიდან ორმოც კილომეტრამდე გაიზარდა.

დნეპრის ქვემო დინების ორივე მხარეს, უპირატესად, ბრტყელსტეპიანი ნიადაგია, რომელიც, ხშირად, შავი მიწის ღრმა ფენებისგან შედგება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო ნიადაგად მიიჩნევა. რეგიონში დიდი რაოდენობით მოჰყავთ ისეთი კულტურები, როგორებიცაა ხორბალი, სიმინდი, სოიო და მზესუმზირა, რომლებიც, ვებ-გვერდის ცნობით, კალიების საყვარელი საკვებია.

რუსებმა კახოვკის კაშხალი დისტანციურად ააფეთქეს, აცხადებს კიევი. მიმდებარე სოფლები წყლის ქვეშ აღმოჩნდა (ჩეხურ ენაზე)

„მოდით, ვიყოთ გულახდილები – მთავარი მიზეზი, დიდწილად, ომია, კერძოდ – ფრონტის ხაზთან ახლოს მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება. კალიების შემოსევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ეკოციდის შედეგია“, – დაასკვნის უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვადიმ ჩაიკოვსკი.

მისი თქმით, 2022 წლიდან კონფლიქტის ზონებში კალიების პოპულაციის ზრდა შეინიშნება. 2023 წელს ამ პრობლემის წინაშე დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობა აღმოჩნდა, ხოლო გასულ წელს კალიების დიდი კოლონიები ხარკოვის ოლქის ორ რაიონში დაფიქსირდა. თუმცა, ჩაიკოვსკის შეფასებით, წინა შემოსევები, წლევანდელთან შედარებით, მცირე მასშტაბის იყო.

როგორც The Kyiv Post-ი იტყობინება, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, ასევე აწუხებს კალიების შემოსევის პრობლემა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ – რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

„ჰეზბოლას“ ლიდერი – ისრაელი ლიბანთან ომს თუ განაახლებს, მათი მიმართულებით რაკეტებს გავუშვებთ და მთელი უსაფრთხოება, რომელიც რვა თვის განმავლობაში ააშენეს, ერთ საათში ჩამოინგრევა

ისრაელი ლიბანთან ომს თუ განაახლებს, ისრაელისკენ რაკეტებს გავუშვებთ, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ქასემმა განაცხადა.როგორც ქასემმა აღნიშნა, თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ „ფართომასშტაბიან აგრესიას“ განახორციელებს, „ჰეზბოლა“, ლიბანის არმია და ლიბანელი ხალხი თავს დაიცავენ.„ეს თავდაცვა გამოიწვევს რაკეტების ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებას და მთელი უსაფრთხოება, რომელიც მათ რვა თვის განმავლობაში ააშენეს, ერთ საათში ჩამოინგრევა“, – აღნიშნა ქასემმა.ამასთან, „ჰეზბოლას“ ლიდერმა დანაკარგების შესახებ ოფიციალური მონაცემები პირველად გაავრცელა. მისი თქმით, ომში დაიღუპა „ჰეზბოლას“ 5 000 მებრძოლი და დაშავდა 13 000. როგორც ნაიმ ქასემმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, „ჰეზბოლა“ კარგ მდგომარეობაში რჩება და მებრძოლები მზად არიან „ყველაზე მძიმე მსხვერპლის“ გაღებისთვის, თუ ეს საჭირო გახდება.

საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება შტატებში მშობიარობის სურვილს.„დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ 

გთხოვთ გაავრცელეთ-თბილისში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

მეგობრები თბილისში გაუჩინარებულ ყაზახეთის მოქალაქეს ეძებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინგიზ მუსადილოვთან დაკავშირებას 3 აგვისტოს შემდეგ ვერ ახერხებენ.„ვეძებთ მეგობარს, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში.3 აგვისტოს, თბილისში, გაუჩინარდა ყაზახეთის მოქალაქე, ჩინგიზ მუსადილოვი.ამ დრომდე არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან და არაფერი ვიცით მის ადგილსამყოფელზე. (ბოლოს, სავარაუდოდ, იყო ქიაჩელის მიმდებარედ).გარეგნული აღწერა: – სიმაღლე: დაახლოებით 170 სმ – ატარებს სათვალეს – ეცვა მუქი მწვანე ტილოს, მოკლე მკლავიანი პერანგი და მუქი ნაცრისფერი შარვალი.თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მისი მდებარეობის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 01 85 78 ანWatsapp: +7(707)4695163“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Footmercato – ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.„შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“  ზურიკო დავითაშვილის შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. „ევერტონის“ ინტერესის გამო, დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარიზსა“ და „კალიარისთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს Footmercato.ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით „ევერტონის“ გარდა „რენი“, „სტრასბური“, „სევილია“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ინტერესდებიან.

ბოლო სიახლეები