ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, განიხილება თუ არა შეხვედრაზე საქართველოს საკითხი.
„რაც შეეხება სხვა საქმეებს, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ადამიანების დაკავებების გამო. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება უკრაინის საკითხი და დაგეგმილია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოსაზრებების გაცვლა. ევროპელი მინისტრები ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ღაზის სექტორთან, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან და ირანთან დაკავშირებით. ამას გარდა, მინისტერიალის დღის წესრიგშია აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სირიის საკითხზე.