ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, კაია კალასი და მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე გრძელვადიან გავლენას მოახდენს. ისინი მნიშვნელოვნად შელახავს გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების უფლებებს და მედიის თავისუფლებას. ეს მოვლენები სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არ ამართლებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ არანაირ მოლოდინს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს შემდგომი დაძაბულობისგან და დაელოდოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) შეფასებას, როგორც ამას სახალხო დამცველი ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
„საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა დაშინების ტაქტიკას და ძალადობას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო სამიზნე გახდნენ. ამჟამად დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თავისუფლად საუბრობს. მზია, რომელიც ამჟამად შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტპატიმარი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღდგენისთვის არცერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა შესრულდეს. ევროკავშირი მზად რჩება, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.