სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია თელავში წარადგინა

თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უწყების მუშაობის ანგარიში თელავის მოსახლეობას წარუდგინა. მინისტრმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია თელაველებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული დაპირებების შესახებ.

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტიანი სერვისები − ამ სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება ყველა ის სიახლე, რაც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს შესთავაზა; კერძოდ:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია;

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში;

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან;

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 12 ადმინისტრაციულ ერთეულში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;

პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება;

პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალეკო ელისაშვილი – მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არა ჩვენს კოალიციას, ერთ-ერთი ვერსია, რაც ჩვენამდე მოდის,...

ვვარაუდობთ, მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის კომენტირებისას განაცხადა.მისივე თქმით, აუცილებლად გამოიყენებენ ყველა მექანიზმს და მაქსიმალურად იბრძოლებენ.„ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ იურიდიულად. რა მექანიზმიც არსებობს, ვიცით, სადაც ვცხოვრობთ, რა უსამართლო გარემოში. სასამართლო კი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში დავალებათა აღსრულების ბიუროა. ვიბრძოლებთ მაქსიმალურად. თვითონ ვიბრძოლებთ, ჩვენი კოალიცია. ამისთვის საკმარისი ცოდნა, განათლებაც გვაქვს. უბრალოდ ვვარაუდობთ, მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ ჩვენს კოალიციას. ერთ-ერთი ვერსია, რაც ჩვენამდე მოდის, არის ეს, რომ გააღრმაონ დაპირისპირება. დანარჩენი ოპოზიცია, იცოცხლე, ჩვენი ლანძღვით იწყებენ და ამთავრებენ და კიდევ ერთი საბაბი მიეცემათ. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ შიდა იურიდიულ მექანიზმებსაც და გარე მექანიზმებსაც. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც კი არსებობს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

უკრაინული მედია – ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროგრესს დადებითად აფასებს

ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროგრესს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში არსებულ მრავალ წყაროსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც მედია წერს, ევროკომისიის განმარტებით, დოკუმენტი „დაბალანსებულია“ და ადასტურებს, რომ უკრაინა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ ოთხ ქვეყანას შორისაა, მოლდოვასთან, ალბანეთთან და მონტენეგროსთან ერთად.„უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი მდგრადობისა და ევროპული გზისადმი ერთგულების დემონსტრირებას, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიული ომის ესკალაციის მიუხედავად, მათ შორის ქალაქებსა და სამოქალაქო სამიზნეებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე“, – წერია უკრაინის შესახებ ანგარიშში.მედიის ცნობით, 23-ე და 24-ე პუნქტებში, რომლებიც ასევე მოიცავს მართლმსაჯულებას და კორუფციასთან ბრძოლას, უკრაინამ იგივე შეფასება მიიღო, რაც გასულ წელს – „გარკვეული პროგრესი“.„საერთო ჯამში, ევროკავშირმა ვერ აღმოაჩინა მოლაპარაკებების ვერცერთი მონაკვეთი, სადაც უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრესი არ აჩვენა. თავების მიხედვით, ეს პროგრესი „შეზღუდულიდან“ „კარგამდე“ მერყეობს“, – წერს გამოცემა.

როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია – გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, "ემაარ ჯგუფის" პროექტს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გონიო და თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ხაზარაძის პოლიტიკურ პოპულიზმს და პათოსს იზიარებენ "ალტ ინფოშიც"."ქართული ოცნება" ოპოზიციას კიდევ ერთ მიზანმიმართულ კამპანიას ახსენებს, რომელიც ჩინურ ინვესტიციებს და ჰუალინგის პროექტს უკავშირდებოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექვს-ნახევარ მილიარდიანი პროექტი, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება."როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ძალიან კარგად იციან, რომ 6-ნახევარი მილიარდის ინვესტიცია 2-3 წელიწადში პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე. მათ ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი იქ არაფერი არ იქნება, აი, ასე, საჯაროდ აღიარეს ბოღმას. საქართველოში ასეთი მასშტაბური ინვესტიცია არ აწყობთ, რადგან აქედან პირადი სარგებელი არ ექნებათ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა კოლექციის გასაცნობად იწვევს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით და ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სპეციალურად სტუდენტებისთვის ქართველთა უმთავრესი ტექსტის - ადრეული აღორძინების ხანის უმნიშვნელოვანესი ქართული ლიტერატურული ძეგლის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრის - „ვეფხისტყაოსნის“ - სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით გაფორმებული ბეჭდური გამოცემები გამოიფინა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათი ცნობით, ექსპოზიცია, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკაშია მოწყობილი, „ვეფხისტყაოსნის” 6 ენაზე დასტამბულ 65 გამოცემას, მათ შორის იშვიათ ეგზემპლარებს მოიცავს. მათ გაცნობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, შოთა რუსთველის პოემა არა მხოლოდ ქართული სიტყვაკაზმულობის და ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალია, არამედ უდიდესი კულტურული სიმბოლო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ქართველებს და ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობას აღვივებდა.„ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერის სულიერ სიღრმეებშია ფესვგადგმული. ეს უმთავრესი ტექსტია, რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეთიკურ და ფილოსოფიურ ღირებულებებს. მასში გადმოცემულია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და თავისუფლებისკენ სწრაფვა. ეს არის წიგნი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა და თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სწორედ ამ მოსაზრებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა - მომავალმა სპეციალისტებმა, ინჟინრებმა, მეცნიერებმა და არქიტექტორებმა - კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ამ უდიდესი ნაწარმოების მნიშვნელობა, როგორც ეროვნული კულტურის ფუნდამენტისა და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებლისა. დარწმუნებული ვარ, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა კოლექციის გაცნობა მათ მოტივაციასა და შემოქმედებით ხედვას გააძლიერებს,“ - განაცხადა დავით გურგენიძემ.როგორც ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ვაჟა პაპასკირი აღნიშნავს, „ვეფხისტყაოსნის” კოლექცია, რომელიც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდსაცავებშია დაცული, ათწლეულების მანძილზე ივსებოდა. წარმოდგენილ 65 გამოცემას შორის უძველესი - ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის რედაქციით შესრულებული წიგნი - 1888 წლით თარიღდება. ვაჟა პაპასკირის თქმით, გამოფენილ გამოცემებს შორისაა სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანებიც.„ექსპოზიციას ამშვენებს ჩვენი ბიბლიოთეკის სიამაყე, ნამდვილი სამკაული - 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ის ორ ვარიანტად გამოიცა: თხელი ყდით და ქსოვილით. რედაქტორები იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. წიგნს ამშვენებს ცნობილი მხატვრის - მიხაი ზიჩის ილუსტრაციები, რომლებშიც ყველა პერსონაჟი რეალური ადამიანია. მოგეხსენებათ, რომ სტამბური წესით „ვეფხისტყაოსანი” პირველად 1712 წელს, ვახტანგ მეექვსის რედაქციითა და კომენტარებით დაიბეჭდა. ეს გამოცემა „ვახტანგისეულის” სახელითაა ცნობილი. მისი ზუსტი ასლი კი, რომელიც გამოფენილია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, გამოიცა თბილისში, 1931 წელს, რუსთაველის ინსტიტუტის მიერ. ეს ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა და როგორც „ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის” პირველი ასლი, იშვიათობას წარმოადგენს.საინტერესოა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საიუბილეო გამოცემა, 1937 წელს რუსულ ენაზე შესრულებული შალვა ნუცუბიძისეული თარგმანით, რომელიც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა მცირე შესწორებებით. ასევე, უაღრესად საინტერესოა „ხალხური ვეფხისტყაოსანი”, რომელიც სულ ორჯერ გამოიცა მოკლე და ვრცელ ვერსიებად; მასში ტარიელის შვილთაშვილის ამბავიც კი არის გადმოცემული. „ხალხური ვეფხისტყაოსანი” მიჰყვება ფაბულას და ამასთან ერთად, განავრცობს კიდეც მას.წარმოდგენილია არაჩვეულებრივი გამოცემები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე: ილია ჭავჭავაძის მეგობრების - მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცნობილი თარგმანი; აქვეა რუსი სიმბოლისტი პოეტის - კონსტანტინ ბალმონტის თარგმანი, რომელიც ერთ-ერთი ძველი და ძვირფასი გამოცემაა. ბალმონტი “ვეფხისტყაოსანს” უორდროპისეული თარგმანით გაეცნო და აღფრთოვანდა კიდეც ქართული ლიტერატურული შედევრით; 1971 წლის ვენერა ურუშაძისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე, ასევე, ფრანგულ ენაზე შესრულებული სხვადასხვა გამოცემები - მათ შორის ყველაზე ცნობილია 60-იან წლებში პროფესორ გასტონ ბუაჩიძის მიერ შესრულებული თარგმანი; საინტერესოა 1937 წლის აზერბაიჯანული გამოცემაც; დამთვალიერებლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს პავლე ინგოროყვასეული იშვიათი გამოცემა, რომელიც 1938 წელს დაისტამბა და რომელშიც ინგოროყვამ ბევრი სტროფი არ შეიტანა, რადგან მიაჩნდა, რომ არ ეკუთვნოდა რუსთველს; წარმოდგენილია 1966 წლის უკრაინული გამოცემა, 1939 წლის კონსტანტინე ჭიჭინაძისეული თარგმანი, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი მისივე შესანიშნავი წინასიტყვაობით, 1977 წლის გიორგი ცაგარელისეული გამოცემა, „ვეფხისტყაოსნის“ კომპიუტერული ვერსია, სხვადასხვა ენაზე პროზაული თარგმანები, 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მცირე ზომის სასაჩუქრე „ვეფხისტყაოსნები“ და ასე შემდეგ.წარმოუდგენელია დამთვალიერებელი არ მოიხიბლოს „ვეფხისტყაოსნის” გამოცემების მდიდრული კალიგრაფიული თუ პოლიგრაფიული გაფორმებით, ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით - ამ გამოცემებს რომ ამშვენებს, რუსთველის პორტრეტებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს XVI-XVII საუკუნეების ცნობილი მხატვრის - მამუკა თავაქალაშურის მიერ აღმოსავლურ სტილში შესრულებული ნახატები, მიხაილ ზიჩის, მოსე თოიძის თუ სხვათა ილუსტრაციები. ვფიქრობთ, ახალგაზრდები დიდი ინტერესით გაეცნობიან და ჯეროვან შეფასებას მისცემენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული „ვეფხისტყაოსნის” მდიდარ კოლექციას,” - განაცხადა ვაჟა პაპასკირმა.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური და რარიტეტული გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს; კერძოდ: XVIII, XIX და XX საუკუნეების ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები ტექნიკურ, საინჟინრო და ჰუმანიტარულ სპეციალობებში, საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელიც აღჭურვილია წიგნებისა და ჟურნალების სრულყოფილი ელექტრონული ბაზით, დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა KOHA (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.

გია ბარამიძე – დღეს სასარგებლო იდიოტის როლს ვინც თამაშობს, გონს თუ მოეგებიან, ყველანი უნდა გავერთიანდეთ საქართველოს გადარჩენისთვის

ყველამ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა რაც დაწერა, სიმართლეა. ბევრმა ეს ვიცოდით კიდეც, თუმცა პრეზიდენტმა ამ კომბინირებული პოსტით ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებისთვის ეცნობებინა სიმართლე, რა და როგორ ვითარდებოდა ოპოზიციის, პოლიტიკურ პარტიებს, „ნაცმოძრაობის“ შიგნით, როგორ ცდილობდა ეს რეჟიმი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩას, ვინ იყო ჩართული, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ განაცხადა.ბარამიძის თქმით, პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო ძალების ერთიანობაზე სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, საუბრობენ.„რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, სხვა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო ძალების ერთიანობას, ამის თაობაზე პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, ვსაუბრობთ. მათ შორის წინა წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხაზს ვუსვამდით, რომ ის არჩევნები არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები – შეეცდება რეჟიმი მორიგი სპეცოპერაციის ჩატარებას და ასე მოხდა კიდეც. ჩვენ არ უნდა ვიქცეოდეთ ისე, თითქოს მიჩვეული ვართ ამ ვითარებას და ყველას გვაქვს ფუფუნება, რაღაც ჩვეულებრივ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, როგორც ჩვეულებრივმა პარტიებმა, რომ ეს პროცესი ერთ-ერთი გადამწყვეტია სახელმწიფოებრიობის. ყველა ჯანსაღი ძალა, განურჩევლად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და მიმდინარეობისა, უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ერთად უნდა იყოს კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება და ასე დაინახოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის წინააღმდეგ გაუადვილებდა ჩვენს ხალხს არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ, ეს არ გაიზიარა მაშინ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ და არჩია თავისი გზით წასვლა, თითქოს ჩვეულებრივი არჩევნები იყოს, ისე ააწყეს საარჩევნო კამპანია.ახლა უნდა ვისაუბროთ ყველა იმ ძალაზე, იქნება თავისი სახელწოდებით პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური,არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ ემსახურება ამ რეჟიმის ინტერესებს, პირდაპირ არ არის დაქირავებული ამ რეჟიმის მიერ, როგორიცაა ეს ახლად შექმნილი რაღაც „ნეიტრალური საქართველო“ და ეს ვითომ „ხალხის ძალა“, ისევ რუსქოცების დანაყოფები და ვინც დღეს სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს, გონს თუ მოეგებიან, ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული ერთ დიდ საერთო მოძრაობაში საქართველოს გადარჩენისთვის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.„ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები